მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი დიზაინერების სამოსი 15-20%-ით გაძვირდა - მიზეზები

63f2331659817
ლიკა მეგუთნიშვილი
19.02.23 18:17
1014
რუსეთ-უკრაინის ომის გამო, მიწოდების ჯაჭვის დარღვევებმა, ლოგისტიკურმა პრობლემებმა და პროდუქციის დასამზადებლად საჭირო ნედლეულისა თუ ფურნიტურის ღირებულების ზრდამ ქართული მოდის სახლებისთვის ხარჯების მატება განაპირობა, რაც თავისთავად პროდუქციაზეც აისახა და ტანსაცმელსა თუ აქსესუარებზე ფასის საშუალოდ 15-20%-ით ზრდა განაპირობა.

როგორც ქართველი დიზაინერები განმარტავენ, მართალია, ფასის მატებას მომხმარებლის მოთხოვნაზე ჯერჯერობით გავლენა არ ჰქონია, თუმცა სექტორისთვის ეს მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს.

„პროდუქცია 15-17%-ით გაძვირდა. სამწუხაროდ, ფასების ზრდა ჩვენი ინდივიდუალური გადაწყვეტილება არ არის. ამას ყველა მიმართულებაში, ყველა სეგმენტში ფასების ზრდა განაპირობებს. ნედლეული, ფურნიტურა, ლოგისტიკა - ამ ყველაფერზე ფასი გაზრდილია, რაც საბოლოო პროდუქციას აძვირებს“, - აცხადებს ბრენდ Materiel-ის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელი ანა ვეფხვაძე.

გარდა ლოგისტიკური ხარჯებისა, Materiel-ის საერთაშორისო გაყიდვების ხელმძღვანელის თქმით, პროდუქციის გაძვირებაზე გავლენა ომის შემდეგ ჩინეთისა და თურქეთის ბაზარზე ფინანსური აკრძალვის დაწესებამაც განაპირობა.

„ჩინეთისა და თურქეთის ბაზრებზე ფინანსური აკრძალვის დაწესება, ფაქტობრივად, შეუძლებელს ხდის მოკლე ვადაში გადარიცხვების წარმოებას და ესეც საგრძნობლად აისახება ბიზნესზე. ჩვენი მთავარი ნედლეული საიმპორტო ჩინეთი და თურქეთია. რაც არ უნდა მზად იყოს, კომპანია ნებისმიერი თანხის გადასახდელად, გადარიცხვისას ფიზიკური შეზღუდვები გვაქვს. ამიტომ ალტერნატიული გზების მოძიება გვიწევს, რაც დროში იწელება და დამატებითი ხარჯია, რაც საბოლოოდ პროდუქციის ფასს ზრდის“, - აღნიშნა ანა ვეფხვაძემ.

პროდუქციის გაძვირებაზე საუბრობენ სხვა მოდის სახლების წარმომადგენლებიც. რომლებიც მთავარ მიზეზად გაზრდილ სატრანსპორტო ხარჯებს ასახელებენ.

„პროდუქციის ფასის ზრდა ნედლეულისა და ტრანსპორტირების გაძვირებამ განაპირობა. ტრანსპორტირება ყოველწლიურად ძვირდება. რაც შეეხება ნედლეულს, იქნება ეს ქსოვილები, დეტალები თუ ფურნიტურა, ძირითადად თურქეთიდან შემოგვაქვს და თურქეთმაც ეს ყველაფერი გააძვირა. ამ ყოველივემ კი, პროდუქციის ფასის საშუალოდ 10%-ით გაზარდა“, - განაცხადა ბრენდ LYIA-ს საერთაშორისო გაყიდვების მენეჯერმა, თათა მორჩილაძემ.

„ჩვენ ორ გადამზიდ კომპანიასთან ვთანამშრომლობთ და მათ გაზრდილი ფასები უკვე გამოგვიგზავნეს, რადგან ომის გამო პირდაპირი მიწოდება ვერ ხერხდება და ადგილზე პროდუქცია უფრო გრძელი გზით ჩადის. რასაკვირველია, როდესაც გზავნილი ძალიან ძვირი გიჯდება ეს მის ღირებულებაზეც ისახება და ფასი იზრდება. მართალია, ჩვენი მომხმარებლისთვის ამას ჯერჯერობით დიდი პრობლემა არ შეუქმნია, რადგან გლობალური პრობლემის შესახებ ისინი გათვითცნობიერებულები არიან, თუმცა რა თქმა უნდა, წუწუნებენ“, - აცხადებს დიზაინერი, ბრენდ ZARQUA-ს დამფუძნებელი, ნინა ზარქუა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები