PMC კვლევითი ცენტრის საქართველოს ეკონომიკური კლიმატის II კვარტალში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 2024 წლის II კვარტალში ქართველი ეკონომისტების მიერ საქართველოს მიმდინარე ეკონომიკური მდგომარეობა მცირედით უარყოფითად შეფასდა.
საქართველოს ეკონომიკური კლიმატი PMC კვლევითი ცენტრის პროდუქტია, რომელიც ifo ინსტიტუტის მეთოდოლოგიას ეყრდნობა და ქართველ ეკონომისტთა მიერ ეკონომიკურ კლიმატს მიმოიხილავს. ცენტრის მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევა 2024 წლის ივნისში ჩატარდა. PMC კვლევითი ცენტრში აღნიშნავენ, რომ იმ კვარტალური კითხვარი 60 ეკონომისტს ეგზავნება და მათი გამოხმაურების დონე კვარტალების მიხედვით მერყეობს.
ეკონომისტების შეფასება, მეორე კვარტალში ეკონომიკური კლიმატი გაუარესდა როგორც 2024 წლის I კვარტალის, ასევე, 2023 წლის II კვარტალის შეფასებასთან შედარებით.
2024 წლის II კვარტალში გამოკითხული ეკონომისტების მოლოდინი მომდევნო ექვსი თვის თავზე საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობის მიმართ არსებითად ნეგატიურია. მათი მოლოდინი ასეთი პესიმისტური 2021 წლის I კვარტალის შემდეგ არ ყოფილა.
გარდა არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისა და მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის მოლოდინის დაფიქსირებისა, გამოკითხულმა ექსპერტებმა გააკეთეს საქართველოსთვის ძირითადი მაკროეკონომიკური ინდიკატორების პროგნოზი, რომლის მიხედვითაც 2024 წელს რეალური მშპ-ს ზრდა 5.5%-ს შეადგენს. მათი პროგნოზებით:
- მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, მოსალოდნელია წლიური ინფლაციის ზრდა. 2024 წლისთვის მოსალოდნელი ინფლაციის მაჩვენებელი საშუალოდ 5.0%-ია.
- მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, მოსალოდნელია, რომ ქართული ლარი გაუფასურდება აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებით, ხოლო გამყარდება რუსულ რუბლთან და თურქულ ლირასთან მიმართებით.
- მომდევნო ექვსი თვის ბოლოსთვის, 2023 წელთან შედარებით, მოსალოდნელია ექსპორტისა და იმპორტის მოცულობების შემცირება.
გამოკითხვის ფარგლებში, 2024 წლის II კვარტალში ეკონომისტებმა პოლიტიკური არასტაბილურობა და ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა საქართველოს ეკონომიკაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ფაქტორებად დაასახელეს. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენის მქონე ფაქტორებს შორის აღმოჩნდა მუშახელის დეფიციტი, ემიგრაციის მაღალი მაჩვენებელი და უკრაინაში მიმდინარე ომი.
„გამოკითხული ეკონომისტების შეფასებით, საქართველოს ეკონომიკაზე უარყოფით ფაქტორებს (პოლიტიკური არასტაბილურობა, ვალუტის გაცვლითი კურსის ცვალებადობა) უფრო დიდი გავლენა აქვს, ვიდრე პოზიტიურ ფაქტორებს (მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის შემცირება და დაბალი ინფლაცია)“, - ნათქვამია მიმოხილვაში.