"ქართველი ხალხის მიმართ არანაირი აგრესია არ გვაქვს", - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა განაცხადა. ასლან ბჟანიას Аргументы и Факты-ს ჟურნალისტმა ჰკითხა: "როგორ ფიქრობთ, საქართველოსთან მალე შერიგდებით?"
"სავარაუდოდ, ოდესღაც ასე მოხდება. ჩვენ გვსურს, ეს უახლოეს მომავალში მოხდეს. ქართველი ხალხის მიმართ არანაირი აგრესია არ გვაქვს. არსებობს უბრალო ხალხი და არსებობს საქართველოს სახელმწიფო, მისი პოლიტიკური მმართველი. გვესმის, რომ საქართველოში არსებობს ოპოზიცია და პოლიტიკოსებს არ შეუძლიათ, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. როგორც კი ხელისუფლება ამაზე წამოვა, ყველაფერი მოგვარდება", - განაცხადა ასლან ბჟანიამ.
დე ფაქტო პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ხელისუფლება აფხაზ ახალგაზრდებს სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობას უკრძალავს.
"ფრანგები და გერმანელებიც დამეგობრდნენ. საბჭოთა კავშირი გერმანიასთან დამეგობრდა. რა განსხვავებაა? ორივე შემთხვევაში, გერმანიამ თავისი დანაშაული აღიარა. ვინმეს დამცირება არ მინდა, თუმცა რეალობა, ფაქტები ასეთია. ობიექტური რეალობა აღიარებას მოითხოვს. ნაცვლად ამისა, რას ვხედავთ? საქართველო ჩვენს სპორტსმენებს საერთაშორისო ღონისძიებებში მონაწილეობის საშუალებას არ აძლევს. ბავშვები აქ რა შუაშია? ასეთი ქმედებები ნდობას არ იწვევს", - აღნიშნა ბჟანიამ.