მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქართველი მძღოლები რუსეთიდან გახშირებულ დეპორტირებაზე საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვეტილებას ელიან - TCRC

რუსეთი

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ინფორმაციით, ქართველი მძღოლები რუსეთიდან გახშირებულ დეპორტაციაზე იმედს იტოვებენ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გამოიძებნება საკითხის გადაწყვეტის კომპრომისული ვარიანტი. საკითხთან დაკავშირებით TCRC თავის ანალიზს აკეთებს, სადაც აღწერილია პროცედურები, რომლითაც საბოლოოდ სატვირთო მანქანების მძღოლების დეპორტირება ხდება.

TCRC-ში აღნიშნავენ, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრების შედეგად, რუსეთიდან ქართველი მძღოლების დეპორტირების გახშირებულმა შემთხვევებმა შეუქცევადი ტენდენცია მიიღო, მძღოლები სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღების მოლოდინში არიან

"სულ უფრო ხშირია შემთხვევები, როდესაც საქართველოდან რუსეთში ან რუსეთიდან საქართველოში მომავალ ქართულ სატვირთო სატრანსპორტო საშუალებებს ადგილობრივი საპატრულო სამსახურები, ძირითადად ჩრდილოეთ ოსეთის ტერიტორიაზე, აჩერებენ და რუსეთის ტერიტორიაზე კალენდარული წლის განმავლობაში ჯამურად 90 დღეზე მეტი ხნით დაყოვნების შემთხვევაში, საემიგრაციო სამსახურების თანდასწრებით, ქართველ მძღოლს ხუთწლიან დეპორტს უფორმებენ.

მდგომარეობა დამატებით მძიმდება იმით, რომ ქართული სანომრე ნიშნებით დატვირთული სატრანსპორტო საშუალება გადაჰყავთ სპეციალურ საპარკინგო ზონაში, ხოლო მძღოლს თითქმის ორდღიან დაყოვნების შემდეგ ადეპორტებენ.

რუსეთის საემიგრაციო სამსახურების მიერ ქართველი მძღოლების დეპორტირების პროცესი ფსიქოლოგიურ ზეწოლას უკავშირდება - კერძოდ, პროცედურების სრულად გამოკვლევის პერიოდში მძღოლს ათავსებენ ადგილობრივ პოლიციის განყოფილებაში (ე.წ.კაპეზე) და შემდგომ პოლიციის თანხლებით, ზემო ლარსის გამშვები პუნქტიდან - ადეპორტებენ.

ზუსტად აქედან იწყება ქართველი მძღოლის დამატებითი თავსატეხი - კერძოდ, მისთვის პრობლემის მოსაგვარებლად - რაც მოიცავს დატვირთული მანქანით ტვირთის დანიშნულების ადგილზე მიყვანას და დაცლის შემდგომ საკუთარი სატრანსპორტო საშუალების საქართველოში დაბრუნებას - საჭიროა ე. წ. სარეზერვო ავზიანი მანქანის მძღოლის მოძებნა, რაც დამატებითი ფინანსური სახსრების მობილიზებას მოითხოვს.

მძღოლების გადმოცემით, ვინც ეს პირდაპირი მნიშვნელობით „ჯოჯოხეთი“ გამოიარა, პროცედურა რეალურ ფსიქოლოგიურ სტრესს წარმოშობს.

ცალსახად გასაგებია, რომ ამა თუ იმ სახის საემიგრაციო პოლიტიკის დაწესება ნებისმიერ ცალკეულ ქვეყნის ინდივიდუალურ პრეროგატივას განეკუთვნება, მაგრამ იმ ვითარებაში, როდესაც რუსეთის ფედერაციის სამართალდამცავი ორგანოები სახელმწიფოს მიერ საემიგრაციო პოლიტიკის გამკაცრებას საკუთარი ფინანსური კეთილდღეობისათვის იყენებენ, რაც ბუნებრივი მოვლენაა, ასეთი მიდგომა ქართველ მძღოლებში დამატებით დაუცველობის განცდას იწვევს.

მეტად გასაგები რომ იყოს, რუსეთის მიმართულებით გადაზიდვებში ჩართული მძღოლებისთვის დაუწერელ კანონად არის აღიარებული, და უკვე ნებისმიერი მძღოლისთვის აპრობირებული წესია, რომ ყველა ე. წ. საპატრულო პოსტის გავლისას ადგილობრივ ინსპექტორს ქრთამის სახით 100 რუსული რუბლი უნდა გადაუხადო, წინააღმდეგ შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პარამეტრების დეტალური შემოწმების პროცესი იწყება, რომელიც დროში გაიწელება და მძღოლისთვის დამატებითი პრობლემების თავიდან ასაცილებლად, აღნიშნული შავი გადასახადი მისაღებ თანხადაა მიჩნეული.

საემიგრაციო პროცედურების გამკაცრება და დეპორტირების საფრთხის წარმოშობა საგზაო - საპატრულო სამსახურის თანამშრომლებმა საკუთარი ფინანსური „კეთილდღეობისათვის" გამოიყენეს, თუ საწყის პერიოდში ე. წ. შავი გადასახადი 100 რუბლიდან 500 რუბლამდე გაზრდილა, მოგვიანებით მძღოლების გადმოცემით ე. წ. ნიხრი 1 000 რუბლამდეც ასწიეს.

ე. წ. ნიხრის 10-ჯერ გაზრდის პროცედურა რომ ყოფილიყო საკმარისი, ალბათ ქართველი მძღოლები კიდევ შეურიგდებოდნენ უკანონობას, მაგრამ აქ შემოდის შავი გადასახადის ახალი წყარო, კერძოდ, სპეციალური პორტატული ელექტრონული სისტემით თუ ქართველ მძღოლს საემიგრაციო ვადის დარღვევა დაუმტკიცეს, ამის შემდეგ ე. წ. პოლიციელი დეპორტირების სანაცვლოდ არც მეტი და არც ნაკლები 200 000 რუბლს (2500 აშშ დოლარი) ითხოვს, სათანადო შევაჭრის შედეგად თანხა 80 000-დან 100 000 რუბლამდე ეცემა, რაც გადაზიდვებში ჩართული მძღოლისათვის მაინც განუზომლად მაღალია.

მძღოლის მხრიდან გადაუხდელობის პირობებში საქმეში ერთვება საემიგრაციო სამსახური, რომელიც მძღოლის მიმართ დეპორტირების პროცედურებს იწყებს.

ხაზგასასმელია საემიგრაციო და საპატრულო სამსახურების „შეთანხმებული” მუშაობა: საემიგრაციო სამსახური ადგილზე მოდის, პირველ რიგში არკვევს მძღოლის საპატრულო პოლიციასთან თანხით შეუთანხმებლობის მიზეზს და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებს დეპორტირების პროცედურებს.

აღსანიშნავია ერთი გარემოება, ქართველი მძღოლი, უმუშევრობისა და საბანკო ვალდებულებების თავიდან ასაცილებლად, იწყებს საქართველოს დატოვებას და ემიგრაციაში სამუშაოს ძებნას - რის პრეცედენტიც უკვე არსებობს - “მ ე წ ა ვ ე დ ი”.

მძღოლების მხრიდან სოციალურ ქსელებში გაფიცვების დაწყებასთან დაკავშირებით უკვე გაჩნდა მოწოდებები.

მიუხედავად იმისა, რომ ევრაზიის ეკონომიკურ ზონაში შემავალი რუსეთის “სატელიტი” ქვეყნებისთვის (ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი), პრობლემა დღემდე დარეგულირებული არ არის, ქართველი მძღოლი იმედს იტოვებს, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩართულობით გამოიძებნება საკითხის გადაწყვეტის კომპრომისული ვარიანტი", - ნათქვამია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის გავრცელებულ ინფორმაციაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები