„დაახლოებით 20 წლის წინ დაიწყო ეს ამბავი“ - ასე იწყებს ცოტნე ჯავახიშვილი „ანალიტიკა“–ს ეთერში ჩემს თხოვნაზე პასუხს – მაყურებლისთვის სან დიეგოს სკრიპსის კვლევით ინსტიტუტში მისი ჩართულობით მიღწეული შედეგის მაგალითი გაგვიზიაროს.
როგორც ცოტნე ჯავახიშვილი ყვება, სკრიპსის კვლევით ინსტიტუტში ასეთ იდეაზე მუშაობდა – „ძალიან ზოგადად რომ ვთქვათ, გენეტიკური კოდის ექსპანსიით თერაპიული დიზაინის – კერძოდ იმ ანტისხეულების გაუმჯობესება, რომლებიც ონკოლოგიაში გამოიყენებოდა“.
ცოტნე ჯავახიშვილმა თავის რამდენიმე კოლეგასთან ერთად, პლატფორმა შექმნა მაშინ ახალდაარსებული ბიოტექ კომპანიისთვის - Ambrx Biopharma, Inc.
“ჩვენი აზრით, ეს ძალიან მოწინავე ტექნოლოგია იყო – მიყვება ცოტნე ჯავახიშვილი ინტერვიუში – ბევრს არ სჯეროდა, იყო გარკვეული შეფერხებებიც, მაგრამ დავძლიეთ და ეს პლატფორმა შეიქმნა“.
ამის შემდეგ, სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტი ამ კომპანიიდან გამოვიდა და როგორც ცოტნე ჯავახიშვილი მიყვება, კომპანიას კიდევ 10 წელი დასჭირდა იმისთვის, რომ დაემტკიცებინა – გენეტიკური კოდის ექსპანსიით იმ ანტისხეულების გაუმჯობესება, რომლებიც ონკოლოგიაში გამოიყენებოდა, ნამდვილად მუშაობდა.
2024 წლის იანვარში ეს ფაქტი საბოლოოდ დადასტურდა, როცა ერთ–ერთმა ბიოფარმა გიგანტმა Johnson & Johnson-მა Ambrx Biopharma, Inc.–ის შესყიდვის თაობაზე ოფიციალურად განაცხადა და აღიარა, რომ ამ პატარა კომპანიის შესყიდვა მას დიდი გეგმების მიღწევაში დაეხმარებოდა. Johnson & Johnson[E1] -ის ოფიციალურ ვებგვერდზე გარიგების შესახებ ყველა დეტალს ნახავთ.
„Johnson & Johnson-მა დღეს განაცხადა, რომ მზად არის საბოლოო შეთანხმების მისაღწევად Ambrx Biopharma, Inc.–თან – კლინიკური ფაზის ბიოფარმაცევტულ კომპანიასთან, რომელიც სინთეტური ბიოლოგიის ტექნოლოგიურ პლატფორმას ფლობს იმისთვის, რომ შეიქმნას და განვითარდეს შემდეგი თაობის ანტისხეულების პრეპარატები. გარიგების ღირებულება 2 მილიარდი დოლარია“.
ამავე ვებგვერდზე იმასაც წაიკითხავთ, რომ Ambrx–ის სტარტაპი 2003 წელს სკრიპსის კვლევების ინსტიტუტის ბაზაზე დაარსდა. კომპანია გენეტიკური კოდის ტექნოლოგიური პლატფორმის პიონერი იყო.
„2 მილიარდი დოლარი პატარა კომპანიისთვის, სადაც იმ დროისთვის უკვე სულ რაღაც 10 ადამიანი იყო დარჩენილი, ძალიან კარგი მაჩვენებელია“ – მეუბნება ცოტნე ჯავახიშვილი ინტერვიუში.
„ნამდვილად“ – ვეთანხმები და თან ვცდილობ, მივხვდე – რას გრძნობს ახლა ცოტნე ჯავახიშვილი, რომელიც სრულიად მშვიდი ხმით მიყვება ამბავს, რომელმაც ერთ დროს უცნობი Ambrx–ისთვის ბიოტექის ისტორია დაწერა.
ცოტნე გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს და მოღვაწეობს. იგი მუშაობდა სკრიპსის კვლევითი ინსტიტუტის ექსპერიმენტალური მედიცინის დეპარტამენტში. ამჟამად ცოტნე ჯავახიშვილი მოლეკულური და გენომური ტექნოლოგიების დეპარტამენტის დირექტორია.