მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართველი მეზღვაური ყოფილ დამსაქმებელს $2 მლნ-ს სთხოვს - MSC-სთან დავის დეტალები

6311fdf8a4452
ვიქტორია მღებრიშვილი
03.09.22 00:00
6749
საკონტეინერო გადაზიდვების საერთაშორისო კომპანია MSC-ში დასაქმებული, ქართველი მეზღვაური ზაზა გოგიტიძე ყოფილ დამსაქმებელ კომპანიას, ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის გამო, 2 მლნ 250 ათას დოლარს ედავება.

დაზარალებული მეზღვაურის ადვოკატი სოფო ქურთაული BM.GE-ს უყვება, რომ ქართველ მეზღვაურს, რომელიც საკონტეინერო გადაზიდვების საერთაშორისო კომპანია MSC-ში კუთვნილ საკონტეინერო გემზე მსახურობდა, 2020 წლის იანვრიდან თვალების ჩაწითლება გამოუვლინდა, მაგრამ კომპანიაში ამ ფაქტს ორი თვე სათანადო ყურადღებით არ მოეკიდნენ.

„იმავე წლის მარტში, მას შემდეგ, რაც მდგომარეობა დამძიმდა და მეზღვაურს ფილტვები და თირკმელები გაეთიშა. ის ესპანეთის ქალაქ ვალენსიის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც იშვიათი დაავადება ვასკულიტი ანსა დაუდგინდა. ვალენსიის საავადმყოფოში ძვირადღირებული მკურნალობა ივნისის ჩათვლით უტარდებოდა და ამ ხარჯებს კომპანია ფარავდა, თუმცა მკურნალობის განმავლობაში კომპანიის წარმომადგენლები მუდმივად ცდილობდნენ მის საქართველოში დაბრუნებას. უფლებადამცველების ჩართულობით, ის საავადმოყოფოში, რეანიმაციულ განყოფილებაში 104 დღის განმავლობაში იმყოფებოდა. მას შემდეგ მეზღვაურს თირკმელების ფუნქცია ვერ აღუდგა და საქართველოში ჩამოსვლის მერე კომპანია 2020 წლის ოქტომბრის ბოლომდე მკურნალობის ხარჯებს ფარავდა, თუმცა ამის შემდეგ დაზარალებულთან კონტაქტი გაწყვიტა“, - ყვება ადვოკატი.

მისივე ინფორმაციით, დღეს დაზარალებულს „უვადოდ შრომისუუნაროს“ სტატუსი აქვს და კომპანიის მხრიდან კომუნიკაციის გაწყვეტის შემდეგ, მისმა უფლებადამცველებმა ბათუმის სასამართლოს კომპანიის წინააღმდეგ სარჩელით მიმართეს და კომპანიის ყოფილი დასაქმებულის სამკურნალოდ 2.250 მლნ დოლარი მოითხოვეს.

„ბათუმის სასამართლომ საბოლოო გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ კომპანია MSC-სგან არანაირი შესაგებელი სასამართლოში არ შესულა. სამედიცინო ექსპერტიზით დადგინდა, რომ დაზარალებულის მძიმე მდგომარეობა კომპანიის მხრიდან საზღვაო კონვენციით არსებული ვალდებულებების შეუსრულებლობამ გამოიწვია.

კომპანიაზე დაკისრებული თანხა 2.250 მლნ დოლარი ჯანმრთელობისთვის მიყენებულ ზიანს, თირკმლის გადანერგვას, ოპერაციის შემდგომ თანხებსა და მორალურ ზიანს მოიცავს. სასამართლომ ეს გადაწყვეტილება 2022 წლის აპრილში გამოიტანა, რაც კომპანიას მაშინვე სასამართლოს გზით ეცნობა.

სამედიცინო ხარჯების გარდა, საპორტო ინფრასტრუქტურაში მოქმედ სუბიექტებს საერთაშორისო კომპანიის კონტეინერები უნდა გაეჩერებინათ.

საქმეში ორი კომპანია მონაწილეობს, რომელიც შრომით ხელშეკრულებაზე აწერს ხელს, ერთი კომპანია იტალიაშია რეგისტრირებული - MSC Mediteranian Shipment Company, მეორე კი კვიპროსში რეგისტრირებული კომპანია MSC Shipmenegment Limited-ია – ორივეს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების ვალდებულება აქვს. კომპანია მოვალეა აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილება. აღსრულების ეროვნულმა ბიურომ დაიწყო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესი, რომლის მიხედვით, ინფორმაცია საკონტეინერო ტერმინალებს გადაეგზავნა, შემოსავლების სამსახურს კი, კონტეინერების გაჩერების შესახებ მისწერა“, - ამბობს სოფო ქორაული.

ადვოკატის ინფორმაციით, ამის შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა და აღსრულების პროცესი შეჩერდა, რადგან მისი მტკიცებით, მსხვილი საერთაშორისო კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობამ საქართველოს მთავრობას დახმარების თხოვნით მიმართა.

"21 ივლისს MSC Georgia-ს წარმომადგენელმა დაწერა განცხადება, რომ მოქმედებები უსაფუძვლოდ ეზღუდებოდათ. ჩვენი ინფორმაციით, ამავდროულად MSC Georgia-ს ხელმძღვანელობამ საქართველოს მთავრობისგან საქმის ფაქტობრივად გაჩერება მოითხოვა. 21 ივლისის შემდეგ აღმასრულებელმა სააღსრულებლო პროცესის წარმოება თვითნებურად შეაჩერა.

კომპანიამ ბათუმის საქალაქო სასამართლოში შეიტანა განცხადება დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმებაზე და საქმისწარმოების განახლებაზე და 2022 წლის 23 აგვისტოდან სააღსრულებლო წარმოება შეგვიჩერდა.

დღეს კომპანიის წარმომადგენლებთან თითქოს აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს, თუმცა არავინ გვეუბნება, როდის შეიძლება დაზარალებულს თანხა დაურიცხონ, რათა საჭირო სამედიცინო პროცედურები ჩაუტარდეს“, - ამბობს ის.

სოფო ქურთაულის განცხადებით, იმ შემთხვევაში თუ დაზარალებული მეზღვაურის უფლებები საქართველოში არ იქნება დაცული, ისინი საქმეზე გადაწყვეტილების აღსრულებას კვიპროსში მოითხოვენ.

„მთავარია სასამართლო და აღსრულება იყოს მიუკერძოებელი და არ თქვან, რომ ეს კომპანია ქვეყნის მსხვილი ინვესტორია და მხოლოდ მისი ინტერესები უნდა იყოს დაცული, რამეთუ ინვესტორსაც აქვს თავისი ვალდებულება დაიცვას დასაქმებულთა უფლებები და მიყენებული ზიანის კომპენსაცია მოხდეს.

თუ შედეგს ვერ მივაღწევთ, ჩვენ ამ საქმეს კვიპროსში წავიღებთ, რამეთუ კვიპროსის სახელმწიფოსთან გვაქვს ორმხრივი შეთანხმება სამოქალაქო საქმეების აღსრულებასთან დაკავშირებით და იქიდან დავიწყებთ აღსრულებას“, - აცხადებს სოფო ქურთაული.

BM.GE-ს საქმის დეტალებში გასარკვევად და საერთაშორისო კომპანიის პოზიციის მოსასმენად MSC Georgia-ს დაუკავშირდა, მაგრამ მისმა წარმომადგენელმა ამ თემაზე საუბარი არ ისურვა. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები