HSC Group Hospitality დირექტორის გიორგი დოლიძის ინფორმაციით, ქედაში, მაღალი კლასის რეზორტული ტიპის კომპლექსის მშენებლობა იგეგმება. პროექტს ქართველი ინვესტორი ახორციელებს და ის ამ ეტაპზე შეთანხმების პროცესშია.
როგორც დოლიძემ გადაცემა „უძრავი ქონების პროსპექტში“ სტუმრობისას განაცხადა, საუბარია 80 მაღალი კლასის ნომრის, ღვინის ქარხნის და საბანკეტო სივრცეების მოწყობაზე.
„მაღალმთიანი აჭარა განსავითარებელია. აქ მაღალი კლასის ობიექტები არ არის წარმოდგენილი, თუმცა Bluesky Tower-ის ინვესტორი გეგმავს, რომ ქედაში მაღალი კლასის ობიექტის მშენებლობა განახორციელოს. აქ იქნება ძალიან დიდი საბანკეტო სივრცე, რესტორანი, 80 ნომრამდე მაღალი კლასის სასტუმრო, ღვინის ქარხანა.
ამჟამად პროექტი დაგეგმარების პროცესშია, რომელიც ძალიან მალე დასრულდება და ვფიქრობ, 2027 წლის ბოლოს უნდა გაიხსნას პროექტის პირველი ნაწილი.
გზები ქედამდე და შემდეგაც ნორმალურია, შეიძლება იმ კონკრეტულ ლოკაციამდე არ მიდის, თუმცა სახელმწიფოსა და კონკრეტული ინვესტორის მხრიდან ალბათ ერთობლივად მოხდება შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობა“, - განაცხადა გიორგი დოლიძემ.
ინფორმაციისთვის, საქართველოში პირველი Holiday Inn Resort ბათუმში გაიხსნება. მსოფლიო ბრენდი დეველოპერულ კომპანია "ლაიქ ჰაუსის" პროექტ Bluesky Tower-ში შემოდის. 200 მლნ ლარიანი პროექტი ორი ბლოკისგან შედგება. A ბლოკში ბრენდის 150 ნომერი და საერთაშორისო სტანდარტებით მოწყობილი 795 მაღალი კლასის საინვესტიციო აპარტამენტი შეემატება, კომპლექსის B ბლოკში კი რეზიდენციები განთავსდება.