მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქეთევან წამებულზე სახელმწიფო ქონება ₾6.5 მილიონად „ტიბინი ჯგუფმა“ შეიძინა - რას აპირებს კომპანია?

ქონება

თბილისში, წმ. ქეთევან დედოფლის გამზირზე, ისნის მეტროსთან ახლოს „ტიბინი ჯგუფი“ საცხოვრებელ კომპლექსს ააშენებს. სწორედ ამ კომპანიამ შეისყიდა სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მიერ ელექტრონულ აუქციონზე სახელმწიფო გამოტანილი ქონება.

18 ივლისს დასრულებულ აუქციონზე სახელმწიფომ 3 299 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები 6.5 მლნ ლარად გაყიდა. აუქციონს თან დამატებითი საინვესტიციო ვალდებულებები არ ახლდა. ქონების აღწერილობაში კი მითითებულია, რომ მისი განვითარება მულტიფუნქციური დანიშნულებითაა შესაძლებელი.

ქეთევან წამებულის გამზირზე აღნიშნული ქონების ახალი მფლობელი სამშენებლო კომპანია „ტიბინი ჯგუფი“ 2014 წელს დაფუძნდა. კომპანიის საქმიანობის სფეროა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების და საზოგადოებრივი ობიექტების მშენებლობა. რა მიმართულებით განავითარებს კომპანია შეძენილ ქონებას და რა მოცულობის ინვესტიციას ჩადებს პროექტში - BM.GE-ს ამ და სხვა კითხვებს კომპანიის თანადამფუძნებელსა და დირექტორს ზურაბ ახალაიამ უპასუხა.

მისი თქმით, ისნის მეტროსთან ახლოს სახელმწიფო ქონების შეძენის სურვილი აუქციონის ნახვისთანავე გაუჩნდათ და ქონების შეძენის გადაწყვეტილებაც მაშინვე მიიღეს, თუმცა ქონების შეძენა სხვა პრეტენდენტსაც სურდა. 10 ბიჯის შემდეგ „ტიბინი ჯგუფმა“ ქონება 6.5 მლნ ლარად შეიძინა.

„დღეისთვის ისანი უძრავი ქონების შეძენის კუთხით ძალიან საინტერესოა ადგილია. მეტრო ვარკეთილი, სამგორის მეტროსადგური და ისანი და ა.შ. 300 არაგველზე მიწის ნაკვეთები თითქმის ამოწურულია, ავლაბარში ასეთი კოეფიციენტები არ არის და ამ სიმაღლის შენობების აშენება შეუძლებელია, ფასიც 2000 დოლარს აჭარბებს. 300 არაგველზე უძრავი ქონების 1 კვ.მ-ის ღირებულება 1500-დან 2000 დოლარამდეა, ისანში კი მეტროს სიახლოვეს ბინების ღირებულება 1500 დოლარიდან იწყება და ვფიქრობ, უძრავი ქონების მიმართ ამ ლოკაციაზე ინტერესი ყოველთვის იქნება. სწორედ ამან განაპირობა ჩვენი დაინტერესება აღნიშნული სახელმწიფო ქონების პრივატიზებით“, - განმარტავს ზურაბ ახალაიამ.

კომპანიას პროექტირება ჯერ არ დაუწყია, თუმცა „ტიბინი ჯგუფის“ დამფუძნებელმა იცის, რომ ადგილზე მრავალფუნქციური საცხოვრებელი აშენდება, რისთვისაც მინიმუმ 6 მლნ დოლარის ინვესტიცია ჩაიდება.

„მრავალფუნქციური პროექტის განხორციელებას ვგეგმავთ, რომელიც საცხოვრებელ სახლებს, აპარტოტელს და საოფისე ფართებს მოიცავს. ეს იქნება ერთბლოკიანი, მაქსიმუმ 12-სართულიანი შენობა, რისთვისაც დაახლოებით 6 მლნ დოლარზე მეტი ჩაიდება. ამ ეტაპზე რთულია იმაზე საუბარი რამდენ ბინიანი კომპლექსი იქნება, თუმცა ვფიქრობ, პროექტი 200 ბინასა და 100-ნომრიან აპარტოტელს გააერთიანებს, რაც 50 კვ.მ-ის ფართობის ბინებს გულისხმობს. დანარჩენი საოფისე ფართები იქნება“, - განაცხადა „ტიბინი ჯგუფის“ დირექტორმა.

ზურაბ ახალაიას ინფორმაციით, კომპანია ამ ეტაპზე საცხოვრებელ კომპლექსს ვარკეთილში აშენებს, რომლის დასრულებაზეც იქნება დამოკიდებული ქეთევან წამებულის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა.

„ამ ეტაპისთვის ქეთევან წამებულის გამზირზე პროექტის განხორციელება ჩვენი ახლანდელი პროექტის დასრულების ვადებზეა დამოკიდებული. თუ მშენებლობა მომავალი წლის გაზაფხულზე დავიწყებთ, პროექტის დასრულებას 3.5 წლამდე დასჭირდება“, - აღნიშნა მან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები