მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქიმიკატების მწარმოებელი Covestro €14.7 მილიარდად გაიყიდა

Covestro

ქიმიკატების მწარმოებელი გერმანული კომპანია Covestro გაიყიდა. კომპანიების აქტივებს აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელი კომპანია, ADNOC-ი გამოისყიდის, რაშიც €14.7 მილიარდს გადაიხდის. როგორც არაბულ კომპანიაში ამბობენ, ამ გარიგებით ის ქიმიკატების გლობალურ ბაზარზე გაფართოებას აგრძელებს. თავად ეს გადაწყვეტილება, მოულოდნელი სულაც არ არის, რადგან Abu Dhabi National Oil Company რიგით მე-12 უდიდესი ნავთობმომპოვებელი კომპანიაა მსოფლიოში, რომელიც ბიზნესის დივერსიფიკაციას აგრძელებს.

თავად Covestro საჯარო კომპანიაა, რომლის აქციები ფრანკფურტის საფონდო ბირჟაზე ივაჭრება. გარიგების შესახებ ინფორმაციის გავრცელებამდე გერმანული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია €11.7 მილიარდის ფარგლებში იყო, რაც ნიშნავს, რომ არაბული კომპანია ინვესტორებს $3-მილიარდიან პრემიუმს შესთავაზებს. ამ შეთავაზებას გერმანული კომპანიის ინვესტორები დადებითად შეხვდნენ, ხოლო კომპანიის აქციებმა თითქმის 4%-ით იმატა.

საინტერესოა, რომ Covestro არ არის ერთადერთი კომპანია, რომელიც აბუ-დაბის სახელმწიფო ნავთობმომპოვებელმა კომპანიამ ბოლო პერიოდში შეიძინა. 2023 წლის ბოლოს, კომპანიამ ამონიუმის სულფატის მწარმოებელი Fertiglobe-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი გახდა, ხოლო ცოტა ხნის წინ, აგრეთვე შეიძინა ავსტრიული OMV-ის 24.9%-იანი წილი. ავსტრიული OMV, სხვათა შორის, ის კომპანიაა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე ნავთობს მოიპოვებდა, მაგრამ წელს ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მაღალტექნოლოგიური პოლიმერების წარმოების მიმართულებით Covestro მსოფლიოს ერთ-ერთი ლიდერი კომპანიაა, რომელიც სხვადასხვა სექტორებისთვის მდგრად გადაწყვეტებს ქმნის. თავის დროზე, Covestro კიდევ ერთი ფარმაკოლოგიური გიგანტის, Bayer-ის შემადგენლობაში შედიოდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები