ქობულეთის ახალ ზღვისპირა პარკს კომპანია "ჯორჯიან სტოუნი" მოაწყობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულება უკვე გაფორმდა, რომლის მიხედვითაც პარკის მოწყობის პირველი ეტაპის სამუშაოები 8,3 მლნ ლარი ჯდება. აღსანიშნავია, რომ ტენდერში წინადადება წარადგინა კიდევ ერთმა კომპანია შპს AWARD-მა, მისი შეთავაზებული თანხა 8,9 მლნ ლარი იყო.
ქობულეთის ახალი ბულვარის საპროექტო დოკუმენტაციის თანახმად, ახალი ბულვარის სიგრძე 1.4 კილომეტრი იქნება და ის ზღვის პირას 47,193 კვადრატული მეტრის ფართობს დაიკავებს.
პროექტის თანახმად, ქობულეთის სანაპირო ზოლის და ბულვარის მოდერნიზაცია/რეაბილიტაცია იგეგმება, რაც ადგილზე გამწვანების სამუშაოებს, სასეირნო ბილიკის მოწყობას, დეკორაციების განთავსებას და ახალი გარე განათებების მონტაჟს ითვალისწინებს.
ამჟამად ასე გამოიყურება საპროექტო ტერიტორია:
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის თანახმად, სამუშაოები 510 დღეზე არის გათვლილი, მათ შორის 20 ივნისიდან 20 სექტემბრამდე სამუშაოები საზაფხულო სეზონის გამო, შეიძლება შეჩერდეს. შეჩერებული იქნება.
აღსანიშნავია, რომ „ჯორჯიან სტოუნის” დირექტორი ქობულეთის მუნიციპალიტეტის არქიტექტურის სამსახურის ყოფილი უფროსი, ბადრი რომანაძეა, რომელიც აღნიშნულ პოზიციას 2011-2014 წლებში იკავებდა. აღნიშნული კომპანია ქობულეთის მუნიციპალიტეტის მიერ გამოცხადებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია. მაგალითად, 2019 წელს სწორედ ამ კომპანიამ შეასრულა ქობულეთის სანაპირო ზოლის ზღვისპირა პარკის 2,770,077 ლარის ღირებულების პირველი ეტაპის სამუშაოებიც.
2020 წელს "საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველო" სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ინფორმაციის ანალიზის საფუძველზე წერდა, რომ ქობულეთის მერია სატენდერო პირობებს სავარაუდოდ „ჯორჯიან სტოუნის” ინტერესებს არგებს.