ქობულეთში, მდინარე კინტრიშზე გაშენებული მეურნეობიდან სულ მალე, შავი ხიზილალა ექსპორტზე სპარსეთის ყურის ქვეყნებში გავა - ამის შესახებ BM.GE-სთან, კომპანია Georgian Fish and Caviar-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა, მარიამ შუბალიძემ ისაუბრა.
საოჯახო მეურნეობა დაცულ ტერიტორიაში 3.5 ჰექტარზეა გაშენებული და ამ ეტაპზე წარმადობა წლიურად 5 ტონა შავი ხიზილალაა. შუბალიძე ამბობს, რომ კინტრიშის გამდინარე წყალი თევზებს ბუნებრივი საკვები ნივთიერებებით ამარაგებს, რაც მაღალი ხარისხის საკვებთან, როგორიცაა Biomar, Skretting და Coppens, ხიზილალის პიკანტურ გემოს განაპირობებს.
"ვაწარმოებთ დიდი რაოდენობით თევზს, რომელთაგანაც ყველაზე მეტი ზუთხია. თვითონ მეურნეობა 3.5 ჰექტარ ტერიტორიაზეა გაშენებული. წყალი კი, მუდმივად მოძრავი და რევერსულია, რაც ქმნის შემდეგ უნიკალურ გემოვნურ თვისებებს.
წლიურად მეურნეობას შეუძლია, რომ 5 ტონამდე შავი ხიზილალა აწარმოოს. ქართულ ბაზარზე არ ვყიდით პროდუქტს და ახლა ვიწყებთ ექსპორტსაც. არსებობს მხოლოდ პირადი გაყიდვები, მაგრამ ეს არ არის პრიორიტეტი.
რადგან ასეთი დელიკატური პროდუქტია ხიზილალა, 2016 წლიდან ვმუშაობთ, რომ მიგვეღო ზუსტად ის გემო და სრულყოფილი ვიზუალი, სანამდეც მივედით მხოლოდ ამის შემდეგ, გასულ ზაფხულს ვიყავით დუბაიში გამოფენაზე. გალფის (სპარსეთის ყურის) ქვეყნებიდან საკმაოდ დიდი დაინტერესება იყო და ახლა მიდის მოლაპარაკებები რაოდენობაზე, თუ რამდენის გატანას შევძლებთ" - განაცხადა მარიამ შუბალიძემ.
მისივე თქმით, წლის ბოლომდე კომპანია ახალი პროდუქტების გამოშვებას გეგმავს, რომელიც უკვე ქართული ბაზრისთვისაც იქნება ხელმისაწვდომი.
"წლის ბოლომდე ვგეგმავთ ასევე თევზის პროდუქტების გამოშვებას. შებოლილი თევზის, რაზეც დიდი მოთხოვნაა ასევე თევზის კონსერვის, ხიზილალას და კარაქის კონსერვების და ა.შ", - თქვა Georgian Fish and Caviar-ის გაყიდვების ხელმძღვანელმა bm.ge-სთან.
ცნობისთვის, მეურნეობისთვის ინვესტიცია 10 მლნ ლარამდეა და ამ ეტაპზე 30 ადგილობრივია დასაქმებული.