ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების საქმეზე, დაკავებულ 7-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით, თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ალექსანდრე იაშვილმა მიიღო.
ცნობილია, რომ დაკავებულები ბრალს არ აღიარებენ, ხოლო ბრალდების მხარე აცხადებს, რომ საქმეში მტკიცებულებათა სტანდარტი საკმაოდ მაღალია.
საქმის პროკურორის, მიხეილ სადრაძის განცხადებით კი, სასამართლოზე წარდგენილ მტკიცებულებებში აბსოლუტურად ყველა ბრალდებულის როლი კარგად არის გამოკვეთილი.
„მტკიცებულებები საკმაოდ მაღალი სტანდარტით არის წარმოდგენილი. ეს არის დოკუმენტაცია, ჩანაწერები, სატელეფონო საუბრები, რომელიც სასამართლოს კონტროლის ქვეშ ხორციელდებოდა. აქედან გამომდინარე ამ მტკიცებულებებში აბსოლუტურად ყველას როლი კარგად არის გამოკვეთილი და უშუალოდ არის დაკავშირებული დანაშაულის ჩადენასთან, რომელიც ინტერპრეტაციის შესაძლებლობას უბრალოდ არ ტოვებს“, - განაცხადა მიხეილ სადრაძემ.
შეგახსენებთ, ტრანსნაციონალური თაღლითური ქოლ-ცენტრების წინააღმდეგ ევროპელ კოლეგებთან ერთად მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, 3 თებერვალს, საქართველოს პროკურატურამ თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობისა და ორგანიზების ბრალდებით, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 7 წევრი დააკავა.
ღონისძიებების ფარგლებში განხორციელდა თბილისში სხვადასხვა ადგილზე მდებარე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების, ათეულობით ფიზიკური პირის, მათი საცხოვრებელი ბინების, ავტომანქანების და სამუშაო ადგილების ჩხრეკა. ამოღებულია ასეულობით ელექტრონული მატარებელი, დოკუმენტაცია და დიდი ოდენობით ფულადი თანხა. ათეულობით ობიექტიდან გამოთხოვილია ელექტრონული ინფორმაცია.
ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ ორგანიზებული ჯგუფის წევრების საქმიანობა მოიცავდა საქართველოში კომპანიების დაფუძნებას და მათ ბაზაზე, სხვადასხვა ადგილზე ე.წ. თაღლითური ქოლ-ცენტრების მოწყობასა და ორგანიზებას.
გამოძიების მიერ ყადაღა დაედო ბრალდებულების საკუთრებაში არსებულ 5 მილიონ ლარამდე ღირებულების უძრავ და მოძრავ ქონებას, რითაც არ მიეცათ მათი შემდგომი განკარგვისა და გადამალვის შესაძლებლობა.