სადაზღვევო კომპანიების ნაწილი აცხადებს, რომ ქონების დაზღვევის პოლისის ცნობადობა დაბალია და ხშირად როგორც ბიზნესები ისე ფიზიკური პირები არსებულ ქონებას არ აზღვევენ, რის გამოც ზარალის თავად გადახდა უწევთ. მათი შეფასებით, ქონების დაზღვევის პოლისები ძირითადად იმ კომპანიებშია კონცენტრირებული, რომელიც საბანკო სექტორთან აფილირდება და ამიტომ ამ მიმართულებითაც ბაზარზე სამართლიანი კონკურენციის პირობების დადგენა აუცილებელია.
ქონების დაზღვევის პოლისების დიდი წილი ძირითადად რომ საბანკო სესხებთან არის დაკავშირებული ამას ამბობს BM.GE-თან ინტერვიუში კომპანია არდის გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძეც, თუმცა ის არ ეთანხმება პოზიციას, რომ კონკურენციის უზრუნველსაყოფად შესაბამისი ნაბიჯების გადადგმაა აუცილებელი.
მისი განმარტებით, მთავარი მიზეზი რის გამოც დღეს ქონების დაზღვევის ბაზარი არ იზრდება მომხმარებლებში დაბალი ცნობიერებით არის განპირობებული. მისი თქმით, მოსახლეობა და სახელმწიფოც სადაზღვევო ინდუსტრიას ფინანსურ ინსტიტუტად არ აღიქვამს.
“ქონების დაზღვევის შემთხვევაში ძალიან მცირეა ზრდა, ძალიან მდორე ბაზარია, არაფერი განსაკუთრებული არ ხდება. ცხადია, დიდი ნაწილი ამ ქონებების არის დაკავშირებული სესხებთან. ჩვენს კომპანიას ვინც ჰყავს პარტნიორი ფინანსური ინსტიტუტები იქ წარმოდგენილები ვართ და ჩვენც ვაზღვევთ, თუმცა ზოგადად ქონების დაზღვევა ძალიან იაფი ღირს და წილი მცირეა. ხალხი და ბიზნესი ძალიან იშვიათად აზღვევს ქონებას. ძირითადად თუ ვინმე აზღვევს ისევ ბიზნესი. რითეილზე, საცალო ვაჭრობაზე ქონების დაზღვევა არ ხდება იმის მიუხედავად, რომ პროდუქტები არსებობს.
ეს ყველაფერი დაკავშირებულია დაზღვევის, როგორც ინსტრუმენტის ცნობადობასთან. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი რომ ცნობადობა გაიზარდოს, რაც ყველა ქვეყანა, ეს გზა გაიარა არის ის რომ ზოგადად დაზღვევა იყოს უფრო მეტად გასიგრძეგანებული სახელმწიფო მართვის დონეზე, როგორც რისკის მართვის დოკუმენტი. ამას ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ,”- ამბობს კომპანია “არდის” გენერალური დირექტორი მიხეილ ჯაფარიძე.