სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ მოქალაქე ნუნუ ყორღანაშვილის მიწის, 1506 კვ.მს ექსპროპრიაციის უფლება მისცა.
საქმე ეხება 500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ მშენებლობის პროექტს, რომელიც დადგენილია, რომ პროექტით გათვალისწინებული სამშენებლო სამუშაოების განხორციელების არეალში ექცევა ნუნუ ყორღანაშვილის საკუთრებაში არსებული მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანში მდებარე 1000000 სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი (სამი მიწის ნაკვეთი 502 კვ.მ; 502 კვ.მ. და 502 კვ.მ.) -ჯამში 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთი.
მოქალაქესთან შეუთანხმებლობის შემდეგ, ქონების ეროვნულმა სააგენტომ ეკონომიკის სამინისტროს ექსპროპრიაციის უფლების მინიჭების მოთხოვნით მიმართა, რაც სამინისტრომ დააკმაყოფილა.
დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლი ითვალისწინებს საჯარო მიზნებისათვის საკუთრების ჩამორთმევას. კერძოდ, საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილების ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურების პირობით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისგან. აღნიშნული ნორმით გათვალისწინებულ საკუთრების ჩამორთმევაში იგულისხმება ექსპროპრიაცია, რომლის პირობები და წესი დადგენილია „აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით.
,,500 კვ ელექტროგადამცემი ხაზის ,,მარნეული აირუმის“ მშენებლოს პროექტი ჩაითვალოს აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროების მქონე პროექტად და სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს მიენიჭოს ექსპროპრიაციის უფლება პროექტის არეალში მოქცეულ მარნეულის მუნიციპალიტეტში, სოფელ კაჩაგანში მდებარე ნუნუ ყორღანაშვილის (პ/ნ 01014002736) საკუთრებაში არსებულ 1000000 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო (სახნავი) დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილზე (სამი მიწის ნაკვეთი 502 კვ.მ; 502 კვ.მ. და 502 კვ.მ.) -ჯამში 1506 კვ.მ მიწის ნაკვეთზე" - წერია ლევან დავითაშვილის მიერ ხელმოწერილ ბრძანებაში, რომელიც საკანონმდებლო მაცნეზე უკვე გამოქვეყნებულია.
ბრძანება კი, შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში.