მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქონების გადასახადის რეფორმაზე უნდა იყოს საჯარო დისკუსია... იქნებ რამე ჭკვიანურიც ვთქვათ" - იურისტი

ზურაბ ძნელაშვილი

ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილის, იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელ ზურაბ ძნელაშვილის განცხადებით, ქონების გადასახადის რეფორმის პროექტი, რომელზეც ფინანსთა სამინისტრო მუშაობს, უნდა გასაჯაროვდეს.

„მთავარია, რეფორმა გახდეს საჯარო დისკუსიის საგანი. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რა ცვლილებები მზადდება“, - განაცხადა ამ თემაზე საუბრისას ზურაბ ძნელაშვილმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“.

საქმე ის არი, რომ დღეს მოქმედი კანონის თანახმად, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი ჯამურად 40 000 ლარს აღემატება და ამასთანავე, გყავთ ავტომობილი ან გაქვთ სახლი ან კიდევ სხვა უძრავი ქონება, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.

2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობენ და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია ანუ არც პარლამენტში შეუტანიათ განსახილველად და არც პროფესიულ ჯგუფებში დაუწყიათ განხილვები.

ზურაბ ძნელაშვილიც ინფორმირებულია, რომ ამჟამად ფინანსთა სამინისტრო რამდენიმე ვარიანტს განიხილავს და მათ შორის არის „ესტონური მოდელი“, რაც ნიშნავს ქონების გადასახადის მიწის ღირებულების მიხედვით გადახდას, თუმცა არც ამ და არც სხვა ალტერნატივაზე საჯარო განხილვა არ მიმდინარეობს.

„მითხრეს, რომ არის რამდენიმე ვარიანტი და ვინაიდან ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რომელს მიეცემა მსვლელობა, ამიტომ არცერთს არ ასაჯაროვებენ. ვფიქრობ, რომ ეს არ არის სწორი დამოკიდებულება“, - ამბობს ძნელაშვილი.

"რეფორმა მაშინ არის კარგი, როცა რაც შეიძლება მეტი ადამიანი ხედავს, განიხილავს და აზრს გამოთქვამს. დღეს რომ გვაჩვენონ ეს რამდენიმე ვარიანტი, არაფერი დაშავდება - იქნებ რამე ჭკვიანურიც ვთქვათ და მოეწონოთ ჩვენი მოსაზრებები“, - დასძინა ფინანსთა მინისტრის ყოფილმა მოადგილემ.

ზურაბ ძნელაშვილის განმარტებით, ესტონური მოდელის არსი ის არის, რომ იბეგრება მხოლოდ მიწა და არა შენობა-ნაგებობები, განსხვავებით არსებული პრაქტიკისგან და ახალი მოდელის შემთხვევაში გადასახადი განისაზღვრება საკადასტრო ღირებულების მიხედვით, რომელიც სახელმწიფოს მიერ დადგინდება.

მისივე თქმით, ეს სისტემა ადმინისტრირებას ამარტივებს, უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტებისთვის პროგნოზირებად და სტაბილურ შემოსავალს, თუმცა მთავარი რისკი საკადასტრო ღირებულების სიზუსტეა.

„მნიშვნელოვანია, რა მეთოდოლოგიით მოხდება ღირებულების დადგენა და რამდენად ხშირად გადაიხედება. ესტონეთში ეს 5-10 წელიწადში ერთხელ ხდება, მაგრამ საქართველოში ასეთი იშვიათი გადახედვა რეალობას ვერ ასახავს“, - აღნიშნა კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელმა.

მისივე თქმით, მრავალბინიანი კორპუსების შემთხვევაში გადასახადი, სავარაუდოდ, განისაზღვრება თანასაკუთრებაში არსებული მიწის პროპორციული წილით, თუმცა ესეც ერთ-ერთი საკითხია, რომელიც სწორედ საჯარო განხილვისას უნდა დაზუსტდეს.

ზურბ ძნელაშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში, ზოგადად, საგადასახადო პოლიტიკაზეც ისაუბრა და თქვა, საგადასახადო პოლიტიკის მთავარი პრობლემა სტაბილურობის ნაკლებობაა - „კანონმდებლობა ხშირად იცვლება მოკლე ვადებში და ბიზნესს არ აძლევს ადაპტირების შესაძლებლობას“.

„საგადასახადო კანონმდებლობა უნდა იყოს სტაბილური. დღეს, სამწუხაროდ, ხშირია სიურპრიზები - ცვლილებები კანონქვემდებარე აქტებში, ბრძანებებში, რომელთა შესახებაც ან გვიან ვიგებთ, ან ძალაში შედის ძალიან მცირე ვადაში. არ შეიძლება, ხშირად იცვლებოდეს კანონმდებლობა, ან თუ იცვლება, ამოქმედების ვადები უნდა იყოს გონივრული. ბიზნესს უნდა ჰქონდეს დრო, რომ მოერგოს“, - ამბობს ზურაბ ძნელაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები