მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქონების გადასახადისთვის დადგენილი 40 000-ლარიანი ზღვარი არარელევანტურია და გადასახედია - დავით მამრიკიშვილი

ქონების გადასახადი

აუდიტორული კომპანია "ნექსია ჯორჯიას" მმართველი პარტნიორის დავით მამრიკიშვილის შეფასებით, ქონების გადასახადისთვის დადგენილი 40 000-ლარიანი ზღვარი, დღეს, არარელევანტურია.

ამის შესახებ მან "საქმის კურსთან" ინტერვიუში განაცხადა, სადაც განმარტა, რომ მაშინ [2005 წელს], როცა ეს ზღვარი დადგინდა, 40 000-ლარიანი წლიური შემოსავალი მაღალ შემოსავლად ითვლებოდა, მაგრამ დღეს - აღარ. შესაბამისად, მისი შეფასებით, დადგენილი ზღვრის გადახედვა აუცილებელია.

ცნობისთვის: ფიზიკური პირების ქონების დეკლარაციის წარდგენის ბოლო ვადა 1 ნოემბერი იყო, გადახდის კი - 15 ნოემბერია. საქართველოში ქონების გადასახადი შემოსავალზეა მიბმული. კერძოდ, თუ თქვენი და თქვენი ოჯახის წლიური შემოსავალი 2024 წელს, ჯამურად, 40 000 ლარს აღემატებოდა და ამასთანავე, გაქვთ სახლი ან მიწა ან კიდევ გყავთ ავტომობილი, თქვენ ვალდებული ხართ ბიუჯეტში ქონების გადასახადი გადაიხადოთ.

ამასთან, დავით მამრიკიშვილი მიუთითებს იმაზეც, რომ პროცესში გათვალისწინებული უნდა იყოს პირზე რეგისტრირებული ქონების რაოდენობაც და თუ პირი ამ ქონებისგან ეკონომიკურ სარგებელს იღებს, შემოსავალი არ უნდა იყოს გადამწყვეტი და ქონების გადასახადი მანაც უნდა გადაიხადოს.

"მგონი, ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა ვთანხმდებით, რომ ეს ზღვარი, მიმდინარე რეალობასთან მიმართებით არარელევანტურია. დღეის მდგომარეობით, თუ პირს და მის მეუღლეს ხელზე ასაღები ხელფასის სახით აქვს, დაახლოებით, 1350 ლარი, უკვე ითვლება, რომ მათი შემოსავლები გადააჭარბებს 40 000 ლარიან ზღვარს და დამეთანხმებით, რომ ეს ხელფასი უკვე საშუალო ხელფასზე, ნაკლებია. რა თქმა უნდა, ეს ზღვარი არარელევანტურია, გადასახედია და სწორედ ამიტომაც მუშაობა მიმდინარეობს. ვფიქრობ, [ქონების გადასახადის გადახდის წესი] ძირეულად უნდა შეიცვალოს.

ქონების გადასახადი თავისი შინაარსით უფრო მეტად არის ფლობის გადასახადი. ჩემი აზრით, თუ ადამიანი ფლობს ქონებას, მან უნდა გადაიხადოს გადასახადი. ოღონდ, აქაც უნდა იყოს გარკვეული შეღავათი, თუ პირს ერთი სახლი აქვს, პირობითად, სადაც თავად ცხოვრობს, შესაძლებელია, რომ ასეთი კატეგორიის პირები განთავისუფლდეს გადასახადისაგან, მაგრამ თუ პირს რამდენიმე ბინა აქვს, რომელსაც იყენებს ეკონომიკურ საქმიანობაში, აქირავებს და ან შემოსავალს იღებს, ასეთ შემთხვევაში ვფიქრობ, შემოსავლის ოდენობა არ უნდა იყოს გადამწყვეტი და თუ პირი რამდენიმე ქონებას ფლობს, მას მაინც უნდა გააჩნდეს, ქონების გადასახადის გადახდის ვალდებულება.

ამავდროულად, შესაძლებელია კრიტერიუმის სახით აღებული იყოს შემოსავლის ოდენობაც, ოღონდ ისიც მორგებული უნდა იყოს არსებულ რეალობაზე. თუ კანონმდებლის მიზანი იქნება, რომ დაბეგროს მაღალშემოსავლიანი პირები და მათ მოსთხოვოს გადასახადი, აქაც ზღვარი გონივრულობის ფარგლებში უნდა დაწესდეს", - ამბობს დავით მამრიკიშვილი.

2023 წლიდან, ფინანსთა სამინისტრო აცხადებს, რომ ქონების გადასახადის რეფორმის ე.წ. "ესტონურ მოდელზე" მუშაობენ და რეგულირების გავლენის შეფასების დოკუმენტიც მზად აქვთ, მაგრამ ამ დრომდე ინიციატივას კანონპროექტის სახე არ მიუღია ანუ არც პარლამენტში შეუტანიათ განსახილველად და არც პროფესიულ ჯგუფებში დაუწყიათ განხილვები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები