ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის გიორგი დავითურის შეფასებით, თანამდებობის პირთა ქონებრივ დეკლარაციებზე წვდომის „ტექნიკური ხარვეზის“ მიზეზით შეზღუდვა არადამაჯერებელია.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
საქმე ის არის, რომ 2024 წლის დეკემბრის დასაწყისიდან ანტიკორუფციული ბიუროს ვებგვერდზე თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების ნახვა შეუძლებელია. ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი რაჟდენ კუპრაშვილი ამტკიცებს, რომ „ტექნიკური ხარვეზია“ და მალე გამოსწორდება, მაგრამ ვადებს ვერ ასახელებს.
„პირველ რიგში, ვინმემ მკაფიოდ უნდა ახსნას, რაში მდგომარეობს პრობლემის არსი - გამოაქვეყნებენ თუ არა ქონებრივ დეკლარაციებს და როდის. ამ დროის განმავლობაში, ვინაიდან ანტიკორუფციული ბიუროდან ცხადი და დამაჯერებელი პასუხი ვერ მივიღეთ, რატომ შეიზღუდა წვდომა ქონებრივ დეკლარაციებზე და ამბობენ, რომ „ტექნიკური ხარვეზია“, გვითხრან რას ნიშნავს ეს?! - კიბერშეტევა იყო? IT ინფრასტრუქტურა დაზიანდა? სერვერი გაუფუჭდათ? ასეც რომ ყოფილიყო, სამ თვეში ტექნიკური ხარვეზის გამოსწორება კი არა, შესაძლებელია, ახალი პორტალის აწყობაც.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანი საკითხია ისიც, რომ ქონებრივი დეკლარაციების საჯაროობის უზრუნველყოფა საჯარო სერვისია და როცა ბიურო ამ სერვისის მიწოდებას ვერ უზრუნველყოს, დამაჯერებელი განმარტებები უნდა გააკეთონ, რაც ამ დრომდე არ მოგვისმენია.
დავუშვათ, „ტექნიკური ხარვეზის“ გამო შეიზღუდა დეკლარაციებზე ხელმისაწვდომობა - რატომ არ გასცემენ მაშინ საჯარო ინფორმაციის სახით?! ეს ხომ პორტალის გამართულობასთან კავშირში არაა?!
აშკარაა, ეს გადაწყვეტილება მიიღო ვიღაცამ და ეს არ ჰგავს ანტიკორუფციული ბიუროს დონეზე მიღებულ პოლიტიკურ გადაწყვეტულებას. დიდი ალბათობით, იყო გარე ზეგავლენა - გარკვეული პოლიტიკური და მენეჯერული გადაწყვეტილება, რომელიც უნდა განმარტოს ვიღაცამ და გვითხრან, რა მოლოდინები უნდა გვქონდეს“, - განაცხადა გიორგი დავითურმა.
IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელის შეფასებითვე, ქონებრივი დეკლარაციების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა არის მაგალითი იმის, რომ ხელისუფლებამ დაკარგა საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულების შეგრძნება და ასევე, სავარაუდოდ, აქვთ შიში, „ვინმეს რამე არ გაეპაროს დეკლარაციებში, რაზედაც თავად არ უფიქრიათ და შემდეგ ეს რაღაც სხვამ არ აღმოაჩინოს“.
გარდა ამისა, გიორგი დავითური არ გამორიცხავს, რომ თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციების წვდომაზე შეზღუდვა უკავშირდებოდეს ხელისუფლების წევრების სანქცირების საკითხს.
„შესაძლოა, ამ გზით ვიღაცამ გადაწყვიტა, საქართველოში დემოკრატიის უკუსვლაზე პასუხისმგებელი თანამდებობის პირების და მათი ოჯახების წევრების შესახებ ინფორმაცია საჯარო და ცენტრალიზებული სახით არ ყოფილიყო... მაგალითად, თანამდებობის პირი ერთი უძრავი ქონებით ნაკლებს თუ დაადეკლარირებდა, ამის გადამოწმება შესაძლებელი იყო საჯარო რეესტრის მონაცემთა ბაზებში და სხვა უძრავი ქონების მოძიებაც“, - აღნიშნა დავითურმა.
დეკლარაციებზე წვდომის შეზღუდვა, არსებითად აბრკოლებს კორუფციასთან ბრძოლას - IDFI