გემოების თამაში იქ იმერული ხაჭაპურისა და მჭადის კეცზე ბუხარში გამოცხობისას იწყება და საოჯახო მარანში იმერული ღვინის დაყენების შესწავლით გრძელდება. იქვე შესაძლებელია თქვენი ხელით თიხის ქოთანში ლობიო მოამზადოთ, ფხალი შეკმაზოთ, ცოლიკოურის ან ოცხანური საფერე დააგემოვნოთ და შუა საუკუნეებშიც იმოგზაუროთ - ამ კულინარული თავგადასავლის მონაწილეები ქუთაისიდან სულ რაღაც 7 კილომეტრში, სოფელ გელათში გახდებით, სადაც აგროსახლი „ქორენა“ სტუმრებს 200-წლიანი ისტორიის მქონე ოდაში მასპინძლობს და მათ იმერული კულინარიის შედევრებსა და ტრადიციებს უზიარებს. ამ ყოველივეს სათავეში კი მაიკო კეზევაძე დგას, ქალი, რომელმაც მამა-პაპისეულ სახლში, აგროტურისტული მეურნეობისთვის სრულიად არაჩვეულებრივი გარემო შექმნა და აგროსახლი "ქორენა" იმერეთის ერთ-ერთი მთავარ სავიზიტო ბარათად აქცია.
სტუმარი: მაიკო კეზევაძე - „ქორენას“ დამფუძნებელი;
#ქალებისნარატივი ლიკა მეგუთნიშვილთან ერთად