მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მერიის წარმომადგენელი დააკავეს

ქრთამის აღების ფაქტზე

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ქრთამის აღების ფაქტზე ხულოს მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი დააკავა. უწყების ცნობით, საქმე ეხება საჯარო მოხელის მიერ თანამდებობრივი უფლება-მოვალეობების შესრულებისას ქრთამის აღების ფაქტს.

"გამოძიებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა, რომელსაც სამსახურებრივად ევალებოდა ხულოს მუნიციპალიტეტის მიერ შესყიდული საქონლის ჩაბარება და სათანადო დოკუმენტაციის გაფორმება, სახელმწიფო ტენდერში მონაწილე კომპანიის წარმომადგენლისგან ნაკლებობით ჩაიბარა საქონელი, ხოლო მიღება-ჩაბარების აქტი გააფორმა სრულ მოცულობაზე და უზრუნველყო მიმწოდებელი კომპანიისთვის სრული სატენდერო ღირებულების გადარიცხვა.

აღნიშნული ქმედების სანაცვლოდ, ბრალდებულმა მიმწოდებელი კომპანიის წარმომადგენლისგან მოითხოვა და მიიღო ფულადი თანხა, რა დროსაც მოხდა მისი დაკავება.

სასამართლოს განჩინების საფუძველზე, განხორციელდა ფარული საგამოძიებო მოქმედებები, რის შედეგადაც მოპოვებულია აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ამსახველი აუდიო/ვიდეომტკიცებულება", - წერია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის პრეს-რელიზში.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური მოუწოდებს საჯარო მოხელეებს და მათთან დანაშაულებრივ გარიგებაში შესვლის სურვილის მქონე ადამიანებს, ნუ ჩაიდენენ მსგავს უკანონო ქმედებას, ნებისმიერ შემთხვევაში სამსახურის რეაგირება იქნება მყისიერი და მკაცრი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები