მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ქსელების მიერ [მწარმოებლისთვის] გადაუხდელი თანხები საკმაოდ სოლიდურია" - "შემოქმედის ჩაი"

გიორგი მაისურაძე

სუპერმარკეტის ქსელები მწარმოებლებს რეალიზებული პროდუქციიდან თანხების გადახდას უგვიანებენ, რაც პროდუქტის თვითღირებულებაზე აისახება - ამის შესახებ კომპანია "მილმართის" დირექტორმა, გიორგი მაისურაძემ "ფასების საპარლამენტო კომისიის" სხდომაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ დღეს კომისიის სხდომაზე დასახელებული საკითხები, რაც უკავშირდება მაღაზიების ქეშბექს, თანხების დაბრუნებას და სხვა თითქმის ყველა ადგილობრივ მწარმოებელს აწუხებს, ვინც პროდუქტს მაღაზიაში ყიდის.

"მილმართი" ადგილობრივ ბაზარზე "შემოქმედის ჩაის" ბრენდით პოზიციონირებს.

"თითქმის ყველა მწარმოებელს ეს პრობლემა გვაქვს. ჩვენ მარკეტების ქსელთან თანამშრომლობა დავიწყეთ 2011 წლიდანვე, სხვათა შორის, საკმაოდ კარგად და, რაც დრო გადის, პრობლემები ნელ-ნელა იზრდება და იძულებულები გავხდით ბოლო ორი წელია, ნელ-ნელა ექსპორტზე გადავერთოთ. მიუხედავად იმისა, რომ მომხმარებლის მხრიდან არის მოთხოვნა, 4 თვეა, შევაჩერეთ ქსელში შეტანა საერთოდ. პრობლემაა აქციების პერიოდში სააქციო გადასახადი, რომელიც მეწარმეზე მოდის. ასევე პრობლემაა, ყველაზე კარგ შემთხვევაში, რეალიზებული პროდუქტებიდან დროში გაწელილი გადახდა და ყველაზე ცუდი - გაყინული თანხები. ჩვენ შემთხვევაში, ძალიან დიდი თანხებია გაყინული. ამის გამო გვიწევს სესხების აღება, როგორც იცით, სეზონურია ჩვენი ჩაის წარმოება და აპრილში გვიწევს მაღალპროცენტიანი სესხის აღება.

იგივე ქეშბექებიც, ყველა ქსელში არ არის ერთნაირი, ზოგს მეტი აქვს, ზოგს ნაკლები - ეს განსხვავებულია. ბოლო წლებში დაიწყო ეს პრობლემები, წლობით გვაქვს გაყინული თანხები, არ გადახდილი თანხებია საკმაოდ სოლიდური. ეს პროდუქციის ღირებულებაში აისახება. ხელშეკრულებით გათვლილი პირობებით რომ იყოს ურთიერთობა, არც სესხი დაგვჭირდება და ცნობადობაც გაიზრდება, თვითღირებულებაც შემცირდება", - ამბობს გიორგი მაისურაძე.

როგორც გიორგი მაისურაძე ფასწარმოქმნის პროცესსაც განმარტავს და ამბობს, რომ ქსელებში პროდუქციის შეტანის შემდეგ, კომპანიასთან შედარებით, თავად რეალიზატორი იღებს მეტ მოგებას.

"ქსელები რჩება მოგებული, რადგან, პროდუქციის ღირებულების გარდა, გადასახადებია დამატებული. ამავე დროს ფასწარმოქმნაზე ენერგომატარებლებიც მოქმედებს. კარგი იქნებოდა, რაღაც შეღავათი იყოს, ადრე ჩვენი ტრანსფორმატორით ნახევარ ფასს ვიხდით, ჩვეულებრივ ტარიფთან შედარებით, ახლა გათანაბრებულია და თვითღირებულების 10-12% ელექტრომატარებელზე მოდის.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პროდუქცია არის პრემიუმ სეგმენტში, შეიძლება, საშუალო სეგმენტის ქსელში არც შევდივართ, მაგრამ საკმაოდ კონკურენტუნარიანი ფასი გვიჭირავს, ორი წლის წინანდელი ფასი გვაქვს ისევ. პირიქით, ახლა ვაპირებდით ფასების გაზრდას, იმდენად ბარიერები არსებობს. ამ ყველაფრის მიუხედავად, ექსპორტზე ძალიან გაზრდილია მოთხოვნა, შეიძლება ითქვას, რომ მარაგები აღარ გვაქვს. გაყიდვის პრობლემა არ არის, მაგრამ ჩვენ გვინდა, რომ ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს, რადგან ეს უფრო სტაბილურია, ექსპორტი კი გაცილებით მარტივია", - ამბობს გიორგი მაისურაძე.

"მილმართის" დირექტორმა ბაზარზე არსებულ კონკურენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იმპორტული პროდუქცია მომხმარებლისგან უფრო დიდი ცნობადობით სარგებლობს.

"ამ სექტორში დიდი კონკურენციაა, ჩაი ფართოდ არის წარმოდგენილი, მათ შორის იმპორტულიც, ამის გამო ცნობადობის პრობლემაცაა. ცნობადობა მაინც მარკეტში განთავსებიდან მოდის, მომხმარებელმა უნდა შეიძინოს ეს პროდუქცია. ჩვენ შევედით ინიციატივით და სოფლის მეურნეობის მინისტრსაც შევხვდით, რომ ჩვენი პრიორიტეტია მარკეტინგი და პოპულარიზაცია ადგილობრივი პროდუქციის.

იმპორტირებული პროდუქცია საკმაოდ დაბალ ფასებში შემოდის. ქართული ჩაის თვითღირებულება საკმაოდ დიდია, არსებული პირობების გამო, ნედლეულის თანხა იზრდება წლიდან წლამდე, რაც მოსახლეობისთვის კარგია, მაგრამ წარმოება გვიძვირდება. იმპორტული პროდუქცია უფრო მეტად გვიწევს კონკურენციას, ისევ იმის გამო, რომ ცნობადობაა ნაკლები", - ამბობს "მილმართის" დირექტორი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები