მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ დღეს, "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე ტირიფონის ხილის დამფუძნებელმა და საქართველოს მეხილეობის ასოციაციის დირექტორმა ზურაბ გოჯიაშვილმა თქვა, რომ პროდუქცია საზღვარგარეთ ექსპორტზე გააქვს და ფასი საქართველოს იდენტურია.
"ვისთანაც გვაქვს ურთიერთობა, ჩვეულებრივი, კარგი კომერციული ურთიერთობა გვაქვს, ჯანსაღი. არის რამდენიმე ქსელური კომპანია, რომელთანაც ვერ შევთანხმდით. ჩვენი და მათი პირობები ერთმანეთს არ დაემთხვა, ეს ჩვეულებრივი ამბავია", - განაცხადა გოჯიაშვილმა.
დამაზუსტებელ კითხვაზე, ხომ არ იყო შეთანხმების დამაბრკოლებელი ფაქტორი მაღალი მაღალი მარჟა ქსელების მხრიდან, გოჯიაშვილი ამბობს, რომ მოლაპარაკების პროცესი აქამდე არ მისულა.
ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" პრემიერის ანონსის შესაბამისად შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.




























