2021-2025 წლებში, საცალო ქსელში შესვლასთან დაკავშირებული სხვადასხვა გადასახადები შეუქცევადი ზრდის ტრენდს ატარებს, - ამის შესახებ საუბარია საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) საქმიანობის 2024 წლის ანგარიშში.
გასული წლის მიმოხილვის თანახმად, მონიტორინგის ფარგლებში, სააგენტომ შეისწავლა კონკრეტული პროდუქტები, რის შედეგადაც დადგინდა, რომ ქეშბექის პროცენტული დიაპაზონი 2025 წელს 2021 წელთან შედარებით მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, რასაც გავლენა აქვს სადისტრიბუციო და შესაბამისად საცალო ფასზე.
"FMCG ბაზრის საცალო დონეზე, მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს რითეილის მიერ დისტრიბუტორებისთვის დაწესებული სხვადასხვა ტიპის არაპირდაპირი გადასახადები, როგორიცაა ქეშბექი, ქსელში / ახალ მაღაზიაში შესვლის გადასახადი, თარო, მარკეტინგი და ა.შ. სიდიდის გათვალისწინებით, საცალო ფასზე ყველაზე მეტად მოქმედებს ქეშბექი, რომელსაც დისტრიბუტორი იხდის მიწოდებული პროდუქციის ფასიდან, შესაბამისი პროცენტული ოდენობით", - წერია GCCA-ს ანგარიშში.
ამასთან, როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონის მოცულობამ შეადგინა 12 792 211 332 ლარი (დღგ-ს გარეშე), რაც 6.75%-ით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს (11 983 346 244 ლარი).
"2024 წელს, ბაზრის საცალო დონე დაბალკონცენტრირებულია, კონცენტრაციის ინდექსმა შეადგინა 706 ერთეული, რაც მცირედით აღემატება 2023 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს - 397 ერთეული. ბაზრის საცალო დონეზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი, ასევე ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით. 2024 წელს, FMCG ბაზრის საცალო დონეზე, 10 ყველაზე მსხვილი კომპანიის საერთო საბაზრო წილი შეადგენდა 55.5%%-ს, ხოლო ორგანიზებული ბაზრის საერთო წილმა შეადგინა 58.4%", - წერია სააგენტოს 2024 წლის ანგარიშში.




























