მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ქსელური სუპერმარკეტების განვითარება გაცილებით უკეთეს სერვისს ქმნის მომხმარებლისთვის" - გიორგი ხაბაშვილი

ხაბაშვილი

სწრაფად ბრუნვადი სამომხმარებლო პროდუქტების (FMCG) ბაზარი, ერთი მხრივ მზარდია, მეორე მხრივ კი ჯერ კიდევ ძალიან აქტიურად ადგას იმ განვითარების გზას, ახლოს მივიდეს ევროპულ სტანდარტთან - ამის შესახებ BMGTV-ის გადაცემა "ანალიტიკას" ეთერში "რითეილ ასოციაციის" გამგეობის თავმჯდომარე გიორგი ხაბაშვილმა ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, ქსელური სუპერმარკეტების განვითარება და სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარში მათი წილის ზრდა აუცილებელია, რადგან ეს მომხმარებლისთვის უკეთესი პირობების შეთავაზების საშუალებას იძლევა.

"საქართველოში მოქმედი სუპერმარკეტების ყველა ქსელის საერთო წილი სამომხმარებლო პროდუქტების ბაზარში არის დაახლოებით 40%-მდე. ეს წილი საკმაოდ დაბალია საერთაშორისო სტანდარტებთან შედარებით. ჩვენ მოვდივართ იმ გზიდან, როდესაც ქსელური სუპერმარკეტები საერთოდ არ არსებობდა ბაზარზე, მერე ნელ-ნელა დაიწყო განვითარება ამ მიმართულებამ და 10-15%-იანი წილიდან ავიდა დაახლოებით 40%-მდე.

ქსელური სუპერმარკეტების განვითარება გვაძლევს გაცილებით უკეთეს შეთავაზებას და უკეთეს სერვისს მომხმარებლისთვის. ეს გვაძლევს, მათ შორის პროდუქტის უვნებლობაზე უფრო მაღალ პასუხისმგებლობას. იმიტომ რომ თვითონ სურსათის უვნებლობის სააგენტო და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა უწყებები,ძალიან აქტიურად, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ამოწმებენ ყველა ქსელს. ეს შემოწმება ორმხრივად და სამმხრივად სასარგებლოა და იძლევა საშუალებას, სუპერმარკეტის ქსელები კიდევ უფრო მეტად მობილიზებულები იყვნენ და არიან კიდეც. რა თქმა უნდა, საბოლოო ჯამში მომხმარებელი უფრო დარწმუნებულია, რომ ამ ქსელში გაცილებით უკეთეს პროდუქტს შეიძენს", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

ქსელური მარკეტების განვითარებაზე საუბრისას რითეილ ასოციაციის გამგეობის თავმჯდომარემ ასევე აღნიშნა, რომ ეს პროცესი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს რეგიონებში, რადგან პროდუქტზე ხელმისაწვდომობა იზრდება.

"სუპერმარკეტების ქსელები საქართველოში ძალიან მაღალი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს; ამ მასშტაბის კონკურენცია არ არის დამახასიათებელი ბევრი ევროპული ქვეყნისა და ეკონომიკისთვის. თუ შევხედავთ, მაგალითად, გერმანიის, დიდი ბრიტანეთის ბაზარს, შეერთებული შტატების ბაზარს - იქ გაცილებით უფრო მაღალი წილები აქვთ დიდ მოთამაშეებს, ვიდრე საქართველოში. საერთო სამომხმარებლო ბაზარში ყველა სუპერმარკეტს ერთად აღებულს 40%-იანი წილი აქვს ჯერჯერობით და ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და განვითარდება, იმიტომ რომ ეს მომხმარებელზე მორგებული პროცესია მიდის.

დღესდღეობით განვითარების პროცესი ძირითადად მიმდინარეობს რეგიონებში და რეგიონებში განვითარება რას იძლევა? პირველი, რომ უფრო ხელმისაწვდომი ხდება სახლთან ახლოს პროდუქტი მომხმარებლისთვის და კიდევ ძალიან ბევრი პარამეტრია პოზიტიური მომხმარებლისთვის. ამიტომ რეგიონებში მიდის ძალიან აქტიური განვითარება და იმედია, რომ ეს კიდევ უფრო გაძლიერდება", - ამბობს გიორგი ხაბაშვილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები