ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა BM.GE-სთან ტურიზმის მიმართულებით დაგეგმილი პროექტების შესახებ საუბრობს და ქვეყანაში ახალი ტურისტული ზონების შექმნას აანონსებს. აჭარა, რაჭა და კახეთი - ეს ის რეგიონებია, სადაც მინისტრის თქმით, ახალი პროექტები განხორციელდება.
"გვაქვს ახალი ტურისტული ზონების და პროექტების, სრულიად ახალი ტურისტული ადგილების შეთავაზებები როგორც ინვესტორებისთვის, ისე დამსვენებლებისთვის. აქ საუბარია როგორც ტრადიციულ ადგილებზე, რომელიც საჭიროებს განვითარებას, იგივე მაგალითად წყალტუბო, იგივე მაგალითად გონიო, ასევე მთელ რიგ სრულიად ახალ ადგილებზე, ახალ ტურისტულ დასახლებაზე, რომელიც შეიქმნება.
შემიძლია რეგიონებიც დაგისახელოთ. ესაა კახეთი, რაჭა, აჭარა, მაგრამ პრემიერ მინისტრის დავალებით, ვცდილობთ თანაბრად ყველა რეგიონში ასეთი საინტერესო განვითარებები გვქონდეს. ვიწყებთ პრაქტიკულად ხვალიდან. ჩვენ ბიუჯეტშიც გვაქვს გარკვეული თანხები გათვალისწინებული პირველ რიგში იმისთვის, რომ დავაიდენტიფიციროთ ეს ლოკაციები და თითოეულის მასტერპლანი მომზადდეს. შემდეგ უკვე ორგანიზებულად, ლამაზად, გეგმის მიხედვით მოხდეს განაშენიანება. რაც დაიწყება წელს, დასრულებას 2-3 წელი დასჭირდება. საკმაოდ მასშტაბურ განვითარებაზეა საუბარი"-განუცხადა ეკონომიკის მინისტრმა BM.GE-ს.




























