მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"10-დან 5კგ უვარგისია, ციტრუსის ინდუსტრია ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს"

63cb9a6177443
თათია ჩაფიჩაძე
21.01.23 11:40
2340
მიმდინარე სეზონის ნარინჯისფერი რთველი დასასრულს უახლოვდება. ციტრუსის საკოორდინაციო შტაბი ფუნქციონირებას 1 თებერვალს შეწყვეტს.

როგორც „საქმიანი დილის“ ეთერში ციტრუსის ექსპორტიორი კომპანია „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელმა კახა შავაძემ განაცხადა, წელს ქვეყანაში 25 ათასს ტონამდე მოსავალი მოვიდა, რაც გასული წლის მაჩვენებელზე თითქმის 2-ჯერ ნაკლებია. მნიშვნელოვანი პრობლემები რჩება ციტრუსის ხარისხთან მიმართებითაც. შავაძე ამბობს, მოსავლის გატანა უზბეკეთში იგეგმებოდა, თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლების გამო ქართული ციტრუსი არაკონკურენტული აღმოჩნდა და მისი რეალიზაცია თითქმის სრულად რუსეთის ბაზარზე განხორციელდა.

„წელს ექსპორტს პრობლემები არ შექმნია, თუმცა ისევ ტრადიციულ ბაზრებზე მოხდა გატანა. ველოდებოდით გაცილებით მეტს, მაგრამ დაგეგმილთან შედარებით 40%-ით შევასრულეთ გეგმა. რაოდენობრივადაც ცოტა იყო და ხარისხობრივადაც.

სუბსიდირება ხორციელდება არასტანდარტულ მანდარინზე, ვერ ვიტყოდი რომ ეს ხელშემწყობია ცუდი მოსავლის, ვფიქრობ, რომ აუცილებელია ამ საწარმოო მანდარინის დასუბსიდირება. რომ გითხრათ რომ მზა რეცეპტი მაქვს მდგომარეობის გამოსწორებისთვის არ ვიქნები მართალი, მაგრამ ეს ინდუსტრია საჭიროებს ქირურგიულ ჩარევას, ჩემი შეხედულებით გადასარჩენია დარგი. მთელი ჯაჭვი საჭიროებს გადახედვას, როგორც პირველადი, ისე მეორადი რგოლის გაჯანსაღებაა საჭირო თორე მაჩვენებლები უკან მიდის წლიდან წლამდე.

ჩვენი დანახარჯები მატულობს, 10-დან 5კგ უვარგისია ანუ ეს ჩვენი ზარალია, უზბეკეთშიც ვერ შევედით რადგან ვერ გავუწიეთ კონკურენცია ფასის ნაწილში.

ფასი არ იყო არსებითად მომატებული კგ-ზე 1-1.3 ლარის ფარგლებში და სარეალიზაცია 60 ცენტის ფარგლებში. 20-25 ათასს ტონამდე მოსავალზე გავედით, როცა წინა წელს 40 ათასი იყო, მიზეზი სეზონურობა იყო, მომავალ წელს რაოდენობაში მეტი იქნება თუმცა ხარისხობრივი მაჩვენებლები არ მიდის უკეთესობისკენ.“ - განაცხადა შავაძემ.

აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, სამრეწველო გადამუშავების (არასტანდარტულ) მანდარინზე სუბსიდია გაიცემა. სახელმწიფოს მხრიდან 1 კგ სამრეწველო მანდარინზე 15 თეთრიანი თანადაფინანსება ხორციელდებოდა, 5 თეთრს კი იხდის საწარმო, შესაბამისად სამეწარმო გადამუშავებისთვის განკუთვნილი მანდარინის ფასი 20 თეთრი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები