მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"19 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი გვყავს" - ქართული ყიდვა-გაყიდვის პლატფორმა DADE

63e4c694d82ae
სალომე ხიდურელი
12.02.23 23:50
852
ქართული ყიდვა-გაყიდვის აპლიკაცია DADE ბაზარზე 2020 წელს გამოჩნდა, თუმცა ორწლიანი პაუზის შემდეგ, დაახლოებით ხუთი თვის წინ, შემქმნელებმა აპლიკაცია განაახლეს. როგორც იდეის ავტორი თეა ქრისტესიაშვილი BM.GE-სთან საუბრისას აღნიშნავს, აპლიკაციას დღესდღეობით 19 000-მდე რეგისტრირებული მომხმარებელი ჰყავს, მათგან 3 000-მდე გამყიდველია, რომლებსაც ერთი ნივთი მაინც განუთავსებიათ გასაყიდად.

ცნობისთვის, DADE ყიდვით, გაყიდვით, გადაყიდვითა და გაჩუქებით დაინტერესებულ ფიზიკურ პირებსა და მცირე მეწარმეებს ერთმანეთთან აკავშირებს.

„ნივთის ყიდვის მსურველს აქვს საშუალება, თავად დაუკავშირდეს გამყიდველს და პირადი კომუნიკაციის საშუალებით სასურველ ადგილას შეხვედრა დაუთქვას. ასევე, მყიდველს შესაძლებლობა აქვს ისარგებლოს უშუალოდ ჩვენი გადახდის სისტემით, ამ შემთხვევაში შეუძლია ჩვენივე ფასიანი საკურიერო მომსახურება გამოიყენოს. DADE-ს „ყიდვის“ ღილაკით სარგებლობისას გამყიდველისგან 7%-იან საკომისიოს ვიღებთ.

ჩვენ ასევე გვაქვს Made in Georgia კატეგორია, სადაც ქართული მაღაზიების ხელნაკეთი ნივთები გვაქვს განთავსებული. ეს მაღაზიები ძირითადად სოციალური ქსელების საშუალებით ოპერირებენ, ჩვენ კი საშუალებას ვაძლევთ გამოიყენონ ჩვენივე გადახდისა და საკურიერო სისტემები.“ - ამბობს თეა ქრისტესიაშვილი.

კითხვაზე, როგორ უწევს DADE-ს აპლიკაცია კონკურენციას ბაზარზე უკვე არსებულ არაერთ ყიდვა-გაყიდვის პლატფორმას, მისი მფლობელი განმარტავს, რომ DADE მომხმარებელს გადახდის სრულიად უსაფრთხო სისტემას სთავაზობს.

„DADE-ს აპლიკაციაში ინტეგრირებულია Payze გადახდის სისტემა, რაც გვეხმარება უზრუნველვყოთ უსაფრთხო გადახდები ჩვენი მომხმარებლებისათვის: გამყიდველის მიერ მითითებულ საბანკო ანგარიშზე თანხა გადაირიცხება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მყიდველი დაადასტურებს, რომ მიღებული ნივთი ზუსტად ის არის, რაც შეუკვეთა.

ვიცით, რომ უკვე არსებობს არაერთი მსგავსი პლატფორმა, როგორიცაა მაგალითად „ფაბერი“, თუმცა ჩვენი კონცეფცია მათგან განსხვავდება. „ფაბერი“ მომხმარებელს ნივთის ავთენტურობის დადგენას სთავაზობს, ჩვენი მიზანი კი ნივთების ყიდვის, გაყიდვის, გაჩუქების მსურველების ერთმანეთთან დაკავშირებაა, რაც საშუალებას გვაძლევს გვქონდეს გაცილებით დაბალპროცენტიანი საკომისიო.“ - აცხადებს აპლიკაციის იდეის ავტორი.

რაც შეეხება მთავარ გამოწვევას, რომლის წინაშეც DADE დგას, თეა ქრისტესიაშვილი განმარტავს, რომ აპლიკაციას მომხმარებლებში სანდოობის მოპოვება უჭირს.

„ხშირად მომხმარებლები თავს იკავებენ ყიდვისგან უშუალოდ აპლიკაციიდან და გამყიდველთან უშუალო კომუნიკაცია ურჩევნიათ. გააზრებული გვაქვს, რომ ჯერ ახალი აპლიკაცია გვაქვს და მომხმარებლები ვერ ხვდებიან ჯერ, რას მოვიცავთ და რატომ ვართ სანდოები. აქტიურად ვმუშაობთ ჩვენი ცნობადობის ამაღლებაზე. სამომავლოდ გვინდა, სოციალურ მედიაში უფრო ინტეგრირებულები ვიყოთ და უფრო მეტ ქართულ ბრენდთან ვითანამშრომლოთ.“ - ამბობს პლატფორმის მფლობელი.

ინფორმაციისთვის, DADE-ს აპლიკაცია უფასოა და ხელმისაწვდომია როგორც Android-ის, ასევე IOS სისტემების მომხმარებლებისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები