ერთი კვირაა ბაზარზე ახალი აპლიკაცია Wempler-ი გამოჩნდა, რომელიც მომხმარებელს ყოველდღიურად საჭირო სერვისების მიმწოდებელ კომპანიებსა და პირებთან აკავშირებს. სიახლის შესახებ BM.GE-სთან სტარტაპის დამფუძნებელმა სანდრო თავხელიძემ ისაუბრა.
„Wempler-ის კონცეფცია ძალიან მარტივია, აპლიკაციაში სამი გზით - მესიჯით, დარეკვით ან ხმოვანი შეტყობინებით - შეგიძლიათ განაცხადოთ, რა გჭირდებათ, მაგალითად ძაღლის გასეირნება, სახლის დალაგება, ნივთის ადგილიდან ადგილზე მიტანა, და ჩვენ გაკავშირებთ Wempler-ზე დარეგისტრირებულ ადამიანთან, რომელიც ამ დავალებას შეასრულებს.
ჩვენ გვაქვს შემუშავებული 5-ნაბიჯიანი ვერიფიკაციის სისტემა, რომელსაც გადის დავალების ყველა შემსრულებელი, ვიდრე უშუალოდ მომხმარებელთან ექნებათ შეხება“, - ამბობს სანდრო თავხელიძე.
მისი თქმით, Wempler-ზე სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველთა რაოდენობა საკმაოდ მაღალია, რის გამოც კომპანიას, ხანგრძლივი ვერიფიკაციის პროცესის პარალელურად, დავალების შემსრულებელთა მასობრივად დამატება უჭირთ.
დამფუძნებლის განმარტებით, ახალ აპლიკაციას ერთ კვირაში უკვე 10 000 გადმომწერი დაუგროვდა: „ზუსტად ერთი კვირის წინ გავუშვით აპლიკაცია Android და IOS სისტემებზე და კომბინირებულად 10 000 გადმომწერი გვყავს“.
კითხვაზე, რამდენად იყო Wempler-ის ტიპის აპლიკაციაზე მოთხოვნა ქართულ ბაზარზე, სტარტაპერი განმარტავს, რომ აქამდე მსგავსი სერვისი არც არსებობდა, რის გამოც Wempler-ის კონცეფცია მომხმარებლებისთვის უცხოა.
„მსგავსი ტიპის სერვისზე ჩვენამდე მოთხოვნა არ ფიქსირდებოდა, რადგან ადამიანებს არ წარმოედგინათ, რომ შესაძლებელია ისეთი ყოველდღიური დავალებების დელეგირება, რომლებიც ნებისმიერ ადამიანს აქვს და ვერ ასწრებენ. თუმცა მას შემდეგ, რაც იგებენ ჩვენი სერვისის შესახებ და პირველ დავალებას უკვეთენ, ჩვენი ერთგული მომხმარებლები ხდებიან“, - ამბობს სანდრო თავხელიძე.
სერვისების ღირებულებაზე საუბრისას, Wempler-ის დამფუძნებელი განმარტავს, რომ კომპანია მომხმარებლებს ბაზარზე უკვე დამკვიდრებულ ფასებზე იაფად ემსახურება.
„აპლიკაციაში ბევრი ისეთი სერვისი გვაქვს, მაგალითად, რიგში დგომა, რომელიც ჩვენამდე მომხმარებლისთვის არავის მიუწოდებია. ასეთ დავალებებზე ფასის დადგენა თავად გვიწევს. რაც შეეხება ისეთ მომსახურებას, როგორიცაა სახლის დალაგება, ავეჯის გადაზიდვა, სანტექნიკა და სხვ. რაზეც ფასები უკვე დარეგულირებულია, ვცდილობთ, ჩვენი საოპერაციო ხარჯების სიმცირიდან გამომდინარე, იაფად მოვემსახუროთ.
ჩვენი ბიზნესმოდელი ასეთია: საკომისიოს უკვე შესრულებული სამუშაოდან ვიღებთ და ამ თანხას დავალების შემკვეთი, ანუ მომხმარებელი, იხდის“, - აღნიშნავს სანდრო თავხელიძე.
Wempler-ის სერვისით სარგებლობა თბილისსა და ბათუმში უკვე შეგიძლიათ. თუმცა როგორც სტარტაპის დამფუძნებელი განმარტავს, აქტიურად მუშაობენ საქართველოს ბაზარზე დამკვიდრებისთვის და, ასევე, მოლაპარაკებებს აწარმოებენ ყაზახეთშიც, რათა მიმდინარე წლის მესამე კვარტალში უცხოური ბაზრის ათვისებისთვისაც მზად იყვნენ.
ცნობისთვის, Wempler-ის საწყისი ინვესტიცია 100 000 ლარი იყო, რომლის გაზრდაზეც კომპანია აქტიურად მუშაობს.