საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.
გაერთიანებული კომიტეტების ერთობლივ სხდომაზე მოქალაქე გია გუდაძემ "ოცნების" ხელისუფლებას 2012 წლის წინასაარჩევნო დაპირება შეახსენა.
"ოცნების" ხალხი სხედხართ აქ და თქვენ მოგმართავთ - როცა 2012 წელს მოხვედით ხელისუფლებაში, ამბობდით, რომ დიდი ჰესები არ უნდა აშენებულიყო, დღეს ამტკიცებთ, რომ ეს აუცილებელია, ამაზე მინიმუმ ბოდიში უნდა მოიხადოთ. ეს ასე იყო, თქვენს წინასაარჩევნო კამპანიაში სწორედ ეს მესიჯი შედიოდა“, - მიმართა მოქალაქემ მთავრობას.
გია გუდაძემ მინისტრები გააკრიტიკა იმის გამოც, რომ ხელისუფლება მოსახლეობას იქამდე არ დაელაპარაკა, ვიდრე ქუთაისში 15-ათასი ადამიანი არ შეიკრიბა.
ცნობისთვის: 28 თებერვალს ქუთაისში, მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც მოქალაქეებმა ნამახვანჰესის მშენებლობა გააპროტესტეს. პროტესტს სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაცია და პოლიტიკური პარტიებიც შეუერთდნენ.
ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტი 800 მილიონ აშშ დოლარამდე მოცულობის პირდაპირი უცხოური ინვესტიციით ხორციელდება. ძირითადი ინვესტორი და პროექტის 90%-იანი წილის მფლობელი 63-წლიანი ისტორიის მქონე თურქული კორპორაცია ENKA-აა (ENKA İnşaat ve Sanayi A.Ş.). ENKA-ში აცხადებენ, რომ საქართველოში მიმდინარე პროექტში 2000-მდე ადამიანს დაასაქმებენ, რომელთაგან 80% საქართველოს მოქალაქე იქნება.




























