საქართველოს მასშტაბით 400 სასტუმროდან მუშაობის ნებართვა 80-ს მიეცა, ხოლო 100-მა მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, - ამის შესახებ შრომის ინსპექტირების დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ფერაძემ „საქმიანი დილის“ ეთერში სტუმრობისას განაცხადა.
„რაც შეეხება სასტუმრო სექტორს. ამ საკითხს დიდი სიფრთხილით ვეკიდებით, რადგან ეს სექტორი პირდაპირ არის დაკავშირებული ტურიზმთან, ტურისტების ჩამოსვლასთან და არ გვინდა ეპიდემილოგიური ვითარება დამძიმდეს ქვეყანაში. ამიტომ გადაწყდა, რომ წინასწარი ნებართვით, შრომის ინსპექცია ამოწმებს სასტუმროს, დადებითი დასკვნის შემთხვევაში კი მას შეეძლება ოპერირება.
მთელი საქართველოს მასშტაბით 400-მდე სასტუმროში დაიგეგმა ინსპექტირების პროცესი, ნებართვა გაცემულია 80-ზე, დაახლოებით 100-მა სასტუმრომ ვერ დააკმაყოფილა მოთხოვნები შემოწმების პროცესში, ხოლო დანარჩენები დარეგისტრირდნენ ჯანდაცვის სამინისტროს გვერდზე, ითხოვეს ინსპექტირება, თუმცა მოგვიანებით ითხოვეს ინსპექტირების გადავადება მოსამზადებლად“, - განაცხადა ბექა ფერაძემ.
ფერაძის ინფორმაციით, შემოწმებების დაწყებიდან დღემდე ტენდენცია პოზიტიურია და დადებითი დასკვნების რიცხვიც ყოველდღიურად იზრდება.
შეგახსენებთ: სასტუმროებს ოპერირების ნებართვა 8 ივნისიდან აქვთ. მთავრობა შიდა ტურიზმის გახსნას 15 ივნისიდან გეგმავს, ხოლო საერთაშორისო ტურიზმის გახსნას - 1 ივლისიდან.