მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აჭარა ტექსტილის“ ინფორმაციით, პირბადეების სუბსიდირების პროგრამა სრულდება

5ede157312536
ვიქტორია მღებრიშვილი
08.06.20 18:42
1471
საქართველოში დოლბანდის პირბადეების ერთ-ერთი პირველი მწარმოებელი კომპანია „აჭარა ტექსტილის“ ფინანსური დირექტორის გია ლომინაძის ინფორმაციით, დოლბანდის მრავალჯერადი პირდბადეების წარმოების სახელმწიფო პროგრამა სრულდება. მისი თქმით, კომპანია პირბადეების ბოლო პარტიის წარმოების ეტაპზეა.

"მრავალჯერადი გამოყენების დოლბანდის პირბადეების წარმოების ბოლო ეტაპზე ვართ და ამით ვასრულებთ პროგრამას. ისევ ეკონომიკის სამინისტროს უნდა გადავცეთ პროდუქცია და შემდეგ ისინი გადაწყვეტენ მის განკარგვას, აქამდე როგორც ხდებოდა. დაახლოებით, 10 000 ცალი პირბადე გვაქვს საწარმოებელი, რასაც 2-3 დღეში დავასრულებთ“, - განაცხადა გია ლომინაძემ.

BM.GE-ის კითხვას - რატომ სრულდება სახელმწიფო პროგრამა, „აჭარა ტექსტილის“ ფინანსურმა დირექტორმა შემდეგი პასუხი გასცა:  "რამდენადაც ვიცი, საქართველოში დაიწყო სამედიცინო პირბადეების წარმოება და, შესაბამისად, ალბათ დოლბანდის პირბადეების საჭიროება აღარაა, ამიტომ სრულდება ეს დოლბანდებით პირბადის წარმოება და იქნება მხოლოდ სამედიცინო პირბადეების წარმოება“. 

მისივე თქმით, მარტიდან საწარმოში 3 მლნ-მდე პირბადე შეიკერა. 

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფოს მიერ სუბსიდირებული პროგრამის ფარგლებში დოლბანდით ნაწარმოები პირბადეები სააფთიაქო ქსელებში 8 აპრილიდან 0.50 ლარად იყიდებოდა. ამასთან ეკონომიკის მინისტრის განმარტებით, სახელმწიფოს ერთი პირბადის წარმოება 1.08 ლარი უჯდებოდა და მისი წარმოება ადგილობრივი ბაზრის გაჯერებამდე გაგრძელდებოდა

რაც შეეხება ადგილობრივი წარმოების მრავალშრიანი სამედიცინო პირბადეებს, მათი ღირებულება აფთიაქებში 1.20 ლარია.

ცნობისთვის: ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, დოლბანდის პირბადეების კერვის სახელმწიფო პროგრამაში 16 საწარმო იყო ჩართული. დღეის მდგომარეობით, პირბადეების კერვას 9 საწარმო აგრძელებს. სულ შეიკერა 4,957,961 ცალი პირბადე, საიდანც 1,823,850 ცალი პირბადე აფთიაქებს მიაწოდეს.

bm.ge არკვევს, ჯამში, რამდენი მლნ დაიხარჯა მრავალჯერადი, სუბსიდირებული პირბადის წარმოებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან და დასასრულს უახლოვდება თუ არა 50-თეთრიანი პირბადის სამთავრობო პროგრამა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები