მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ადეკვატური მოლოდინები უნდა გვქონდეს, ჩინეთიდან საწარმოების გადმოტანა იოლი არ იქნება"

5edf3871d5ba7
ინგა მურუსიძე
09.06.20 11:32
914
ადეკვატური მოლოდინები უნდა გვქონდეს, ჩინეთიდან საწარმოების გადმოტანა იოლი არ იქნება, - ასე უპასუხა ფინანსთა მინისტრმა ვანო მაჭავარიანმა bm.ge-ს კითხვას იმის შესახებ, თუ რომელ კომპანიებთან და საწარმოოებთან მუშაობს მთავრობა იმისთვის, რომ საქართველოში გადმოიყვანოს დიდი ჰაბებიდან, მათ შორის ჩინეთიდან.

მაჭავარიანის თქმით, ამოცანა ადვილი არ არის, თუმცა საქართველოს მთავრობა ძალისხმევას არ დაიშურებს მის შესასრულებლად.

"წელს, პირველ რიგში, უნდა მივიღოთ ბიუჯეტი და მნიშვნელოვანია დავიცვათ ის პარამეტრები, რომელიც აქ არის ჩადებული და რომელიც შეთანხმებულია ჩვენს პარტნიორებთან. მთავარია შევასრულოთ ის ვალდებულებები, რაც ავიღეთ ჩვენი მოსახლეობის და ბიზნესების წინაშე. ეს არის პირველი და აუცილებლად შესასრულებელი ამოცანა. ამასთან ერთად, ვმუშაობთ მსოფლიოში აღიარებულ ექსპერტებთან, თუ რა ტიპის ეკონომიკური პოლიტიკა უნდა შევიმუშაოთ 2021, 2022 და 2023 წლების პერიოდისთვის. რა დასკვნები უნდა გამოვიტანოთ კრიზისიდან, რა დასკვნები გამოაქვთ მსოფლიოში და შევეცადოთ იმ დინამიკას და პროცესებს, რომელიც პოსტკრიზისულ პერიოდში დაიწყება, არ ჩამოვრჩეთ. ამაში ძალიან წაგვადგება ის, თუ როგორ წარვმართეთ ეს პერიოდი.

რამდენად ადეკვატურები და რელევანტურები ვიყავით მაშინ, როცა ამ ტიპის დახმარებებს ვითხოვდით უცხოეთიდან და სად ვხარჯავდით. ეს ძალიან წაგვადგება იმაშიც, რომ 2021-ში სწორი ეკონომიკური პოლიტიკა შევიმუშაოთ. ამ პერიოდს კარგი რეპუტაციით დავხვდებით და ეს არის გადამწყვეტი. საკუთრივ იმაზე, თუ რომელი საწარმოს გადმოტანა არის შესაძლებელი და რამდენის - ამაზე ვერ გიპასუხებთ, ეს არ არის იოლი თემა. სასურველია და ჩვენ არ დავზოგავთ ენერგიას, რომ თუკი შანსი არსებობს ამ ქვეყანაში რამე ტიპის წარმოების გადმოტანის, ამაზე შრომაში არ დავიღლებით, თუმცა მოლოდინები ადეკვატური უნდა გვქონდეს. იოლი არ იქნება, რადგან ეს სხვა ტიპის შეზღუდვები ახლავს ამ ამბავს", - განაცხადა მაჭავარიანმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები