“ბაია ფუდი” ადგილობრივი ხილის გადამუშავებით ნატურალური ხილის ხემსების წარმოებას დაიწყებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა ზვიად გრძელიძემ bm.ge-სთან აღნიშნა, “ბაია ფუდმა” GITA-ს 30 000 ლარიანი გრანტი მოიპოვა, რომლის საშუალებითაც ახალი პროექტის ფარგლებში დამფასოებელ დანადგარებს შეიძენენ და ახალი პროდუქტის აქტიურ წარმოებას შეძლებენ.
“ადგილობრივი ხილის გადამუშავების გზით ნატურალური ხილის ხემსების წარმოების მომზადება დავიწყეთ და აღნიშნულ საკითხზე GITA-ში პროექტი წარვადგინეთ. მაღალი კონკურენციის პირობებში გავიმარჯვეთ და 30 000 ლარის დაფინანსება მოვიპოვეთ. ამ თანხით დამფასოებელ დანადგარებს შევიძენთ და ახალი პროდუქტის წარმოებას დავიწყებთ.
რაც შეეხება უკვე არსებულ პროდუქტებს, “ბაია ფუდის” ნაწარმი არ შეიცავს კონსერვანტებს და სტაბილიზატორებს. არის 100%-ით ნატურალური”, - ამბობს “ბაია ფუდის” დირექტორი.
კომპანია სხვადასხვა მარცვლეულისგან, ნატურალური ხილის ჩირებისა და სხვა ნედლეულისგან ამ დროისთვის 24 სახის პროდუქტს აწარმოებს.
კომპანიას წარმოებაში ურძეო ფაფებიც აქვს, რომელიც განკუთვნილია ჯანსაღი კვების მიმდევართათვის, ადრეული ასაკიდან დაწყებული ზრდასრული მომხმარებლით დამთავრებული.