პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ს პრეზიდენტის მიერ ინიცირებულ დემოკრატიის სამიტზე სიტყვით გამოვიდა. სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რუსეთის იმპერიალისტურ პოლიტიკაზე ისაუბრა, რასაც უკრაინაში მიმდინარე ომი ადასტურებს. ამას გარდა, ზურაბიშვილმა ქართული დემოკრატიის გამარჯვებად შეაფასა უცხოური გავლენის აგენტების შესახებ მომზადებული კანონპროექტის უკან გაწვევა, რაც მისი თქმით, ქართველი ხალხის დამსახურებაა.
“ქართველმა ხალხმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია თბილისის ქუჩებში სამოქალაქო უფლებების ნებისმიერი კუთხით შეზღუდვის წინააღმდეგ გამოსვლითა და დემოკრატიულ პრინციპებთან ერთგულების დემონსტრირებით, რაც შთააგონებდა და შთააგონებს ჩვენს ქვეყანას ევროინტეგრაციის გზაზე.
ამ პროტესტმა წარმატებას მიაღწია როგორც ,,უცხოური აგენტების შესახებ კანონის“ გაუქმებაში, რაც დემოკრატიის გამარჯვება იყო, ასევე, პოლარიზაციის დაძლევის უნარის დემონსტრირებაში, როდესაც ის საერთო მიზნის ირგვლივაა გაერთიანებული. ამ თვალსაზრისით, დაიწყო ეროვნული თანხმობის პროცესი.
ჩვენი გზა დემოკრატიის, ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციისკენ, რომელიც ჩვენს კონსტიტუციაშია ჩაწერილი არის ჩვენი სტაბილურობის საფუძველი და მას ალტერნატივა არ აქვს.
მინდა გავიმეორო საქართველოს კიდევ უფრო ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის მტკიცე დაპირება და გამოვთქვა მზადყოფნა ვითანამშრომლოთ ყველა ჩვენს საერთაშორისო პარტნიორთან უფრო დემოკრატიული, მშვიდობიანი და მდგრადი მსოფლიოს მშენებლობაში, რომელშიც საქართველო მოიპოვებს ადგილს, როგორც სანდო პარტნიორი”,-განაცხადა ზურაბიშვილმა.