დღეს პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად ეკონომიკის ყოფილი მინისტრის, ნათია თურნავას კანდიდატურას განიხილავდა. სხდომაზე თურნავას პარტია “ქართული ოცნების” წევრმა ირაკლი ზარქუამ ჰკითხა, თუ რას მოიმოქმედებს ის ახალ პოსტზე კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის. თურნავას განცხადებით, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს კერძო კომპანიებისთვის საფონდო ბირჟაზე გასვლის შესაძლებლობის მიცემას.
“მეტი ყურადღება ექცევა სახელმწიფო კომპანიების კორპორატიზაციას და მათ გამოყვანას ფასიანი ქაღალდების ბაზარზე რაც სწორია. მეც პირადად ვიყავი ჩართული ამ კორპორატიზაციის პროცესში, როდესაც სახელმწიფო ელექტროსისტემის კორპორატიზაცია დავიწყეთ ამ პროცესში. ახლა ეს პროცესი ძალიან სწრაფად გრძელდება, მაგრამ კიდევ უფრო მნიშვნელოვანია კერძო კომპანიები გავიყვანოთ კაპიტალის ბაზარზე და გავხადოთ ისინი მზად იმისთვის, რათა გამოვიდნენ საფონდო ბაზარზე და მიიღონ როგორც სააქციო დაფინანსება ასევე სავალო დაფინანსება.
ამისთვის საჭიროა მათი ანგარიშვალდებულება, მათი კორპორატიზაცია, ევროპული საბუღალტრო სტანდარტების დანერგვა და აქ EBRD-თან ერთად მიმდინარეობს მუშაობა. GO public პროგრამა, რომელიც ასწავლის ბიზნესს საქართველოში თუ როგორ გამოუშვან ფასიანი ქაღალდები და გამოვიდნენ კაპიტალის ბაზარზე.
არის შესანიშნავი რეფორმა SARAS-ის, რომელიც დაინერგა ფინანსთა სამინისტროს და სებ-ის თანამონაწილეობით. მეტი კომუნიკაციაა საჭირო აუდიტორებთან, რათა აუდიტი საქართველოში კიდევ უფრო სანდო გახდეს. მეტი ნდობა ექნება კაპიტალის ბაზარზე გამოსულ კომპანიებს, ვინც ობლიგაციებს გამოუშვებს, აქციებს გაყიდის და ასე შემდეგ. ამ კუთხით ბევრი რამ არის გასაკეთებელი და ბევრი რამ არის გაკეთებული. ამ პროცესში აქტიურად ვაპირებ რომ ჩავერთო,"- აცხადებს ნათია თურნავა.
დღეს გამართული მოსმენის შემდეგ კომიტეტმა ნათია თურნავას კანდიდატურას მხარი დაუჭირა.




























