მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამ რეგულაციით ჩვენს ხარჯზე შსს-ს საქმეს უიოლებენ"- ლომბარდი “ელთ კომპანი"

601d5f08edc5e
სალომე მეცხვარიშვილი
05.02.21 20:25
4753
ლომბარდებს, უფრო ზუსტად სესხის გამცემ სუბიექტებს, სულ 2 თვე აქვთ იმისთვის, რომ ყველა დალომბარდებული ნივთის ფოტო, წონის შესახებ ინფორმაცია ერთიან ელექტრონულ პლატფორმაზე ატვირთონ. პროცესი 1 აპრილამდე უნდა დასრულდეს. ელექტრონულ პლატფორმაზე ნივთების განთავსების შემდეგ კი ამ ინფორმაციაზე წვდომა შს სამინისტროსაც ექნება, შესაბამისად, შემცირდება ლომბარდების მეშვეობით ნაქურდალი ან არაკეთილსინდისიერად მოპოვებული ნივთების გაყიდვის შანსი.

“სესხის გამცემ სუბიექტთა ასოციაციაში” უჭირთ თქმა, კონკრეტულად რა ხარჯებთან შეიძლება იყოს დაკავშირებული ახალი რეგულაციის აღსრულება ლომბარდებისთვის, სამაგიეროდ სესხის გამცემ კომპანია “ელთ კომპანიში” ზუსტად იციან, რა დაუჯდათ ახალი აპარატურის, პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა და თანამშრომლების გადამზადება - კომპანიამ ამ ყველაფრისთვის 30 ათასი დოლარი დახარჯა.

ახალი აპარატურა “ელთ კომპანის” იმისთვის დასჭირდა, რომ სესხის გაცემის პროცედურა არ გაჭიანურებულიყო და ახალი აღჭურვილობის მეშვეობით ნივთის შესახებ ყველანაირი ინფორმაცია ერთიან ელექტრონულ პლატფორმას ავტომატურად გადასცემოდა. კომპანიაში ახალ რეგულაციებს ასრულებენ, თუმცა, მიაჩნიათ, რომ ეს უფრო საგამოძიებო უწყებებისთვის საქმის გამარტივებაა და არა ბიზნესისთვის ხელის შეწყობა.

“იყო და არის რეგულაციები, რომლებსაც ვეთანხმები. როცა რეგულაციის შედეგად არაკეთილსინდისიერი მოთამაშეები განიდევნებიან ბაზრიდან, მეტად კონკურენტუნარიან გარემოში გავაგრძელებთ მუშაობას, თუმცა, არის რეგულაციები, რომლებიც ზედმეტად მიმაჩნია.

ჩემი სუბიექტური აზრით, კონკრეტულად ამ რეგულაციით შს სამინისტროსთვის საქმის გაიოლება ხდება ჩვენს ხარჯზე და ეს არ ემსახურება ეროვნული ბანკის ან ქვეყნის ეკონომიკის ინტერესებს. თუ ვინმე არაკეთილსინდისიერად მოიპოვებს ნივთებს ამისთვის არსებობს სასამართლო, საგამოძიებო უწყებები, პროკურატურა... თუმცა, მიიღეს ეს კანონი და ვალდებული ვართ, დავემორჩილოთ”,- აცხადებს კომპანიის დამფუძნებელი ელგუჯა თურმანიძე.

მისი თქმით, აქამდე თუ კონკრეტული პირი საეჭვო ნივთს მიიტანდა სესხის გამცემ ორგანიზაციაში, შს სამინისტროს ორდერის გარეშე მისი ამოღება და დათვალიერება არ შეეძლო, ამ პლატფორმით კი ყველაფერი ერთ ბაზაში მარტივად ხელმისაწვდომი ხდება.

ახალი ვალდებულება ლომბარდებს 2019 წელს მიღებული საკანონმდებლო ცვლილებებით დაეკისრათ, როდესაც სესხის გამცემი ობიექტებისთვის რეგულაციები შეიცვალა, მათ შორის, შემცირდა ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ზედა ჭერი, დადგინდა პიგრასამტეხლოს მაქსიმალური ოდენობა და ა.შ. მაშინდელი ფინანსთა მინისტრი მამუკა ბახტაძე აცხადებდა, რომ ლომბარდების საქიანობა არ არის გამჭვირვალე და ხშირია, როცა მოპარული ნივთები სწორედ მათი მეშვეობით იყიდება.

ამ დროისთვის ეროვნული ბანკის ვებგვერდზე 200-მდე სესხის გამცემი სუბიექტია დარეგისტრირებული - სწორედ ამდენ კომპანიას მოუწევს ახალ რეგულაციებზე მორგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები