"იელთი ჯგუფში" შემავალი დეველოპერული კომპანია ELT Building-ის მიერ განხორციელებული ჯამური ინვესტიცია $130 მილიონს შეადგენს, საიდანაც 90% უცხოური ინვესტიციაა - ამის შესახებ "საქმიანი დილას" ეთერში კომპანიის დამფუძნებელი, ელგუჯა თურმანიძე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ELT Building-ის პოლიტიკა შემოსავლის 100%-იანი რეინვესტირებაა.
"ჩვენი პროექტები და ჩვენი ჯგუფის საქმიანობა საინტერესო და მნიშვნელოვანი იმ კუთხითაა, რომ ინვესტირებული თანხის 90% აკუმულირებულია უცხოური ინვესტიციებიდან. თავად კომპანია 100%-ით ქართულია, თუმცა ჩვენი მომხმარებლების 90% არის უცხოელი, რაც ნიშნავს იმას, რომ $130 მილიონიდან 90% ჩვენს ქვეყანაში უცხოეთიდან შემოვიდა და რეინვესტირების გზით ისევ საქართველოში დარჩა. ჩვენი პოლიტიკაც უცვლელი რჩება, 100%-იანი რეინვესტირების მიმართულებით ვიმოძრავებთ", - ამბობს თურმანიძე.
"იელთი ჯგუფი" ადგილობრივ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. როგორც კომპანიის დამფუძნებელი აღნიშნავს, ELT Building-ს უკვე აქვს ექსკლუზიური პარტნიორობა რამდენიმე საერთაშორისო კომპანიასთან და უახლოეს მომავალში ქართულ ბაზარზე სკანდინავიური ჰოლდინგის შემოყვანასაც გეგმავს.
"აქტიური ზრდა-განვითარების შემდგომ, ფაქტობრივად, აუცილებელი გახდა, რომ მიმართულებებიც გაგვემრავალფეროვნებინა. სასტუმრო მიმართულებით რამდენიმე საერთაშორისო ბრენდი შემოვიყვანეთ, მათ შორის პირველი Wyndham-ი იყო. ბოლო პერიოდის მიღწევა კი Barceló Hotel Group-თან ექსკლუზიური თანამშრომლობაა, რაზეც ორი წელი ვმუშაობდით ტურიზმის სააგენტოსთან, უცხოელ პარტნიორებთან და დიპლომატიურ კორპუსთან ერთად. მათთვის ჯერ საქართველოსა და რეგიონის, ხოლო შემდგომ ჩვენი კომპანიის გაცნობა მოგვიწია.
ვთანამშრომლობთ რამდენიმე საერთაშორისო მმართველ კომპანიასთან, ესტონურ IPM-თან, რომელიც ასევე ექსკლუზიურად თანამშრომლობს ჩვენთან სასტუმროსა და აპარტამენტების მენეჯმენტში, ვთანამშრომლობთ RiverRockთან და უახლოეს პერიოდში განვაცხადებთ სკანდინავიური კომპანიის შემოსვლასთან დაკავშირებითაც - ეს არის ერთ-ერთი მსხვილი ჰოლდინგური კომპანია, რომელიც კონკურენციას უწევს IKEA-ს და რამდენიმე წელია, წარმატებულ მენეჯმენტ კომპანიად მოგვევლინა ევროპაში", - ამბობს ელგუჯა თურმანიძე და აღნიშნავს, რომ "იელთი გუნდი" ჯამში 8 კომპანიას აერთიანებს.
ELT Building-ის დამფუძნებელი აღნიშნავს, რომ კომპანია საშუალო და საშუალოზე მაღალ სეგმენტში ოპერირებს, თუმცა უახლოეს მომავალში Luxury სეგმენტში შესვლას აპირებს, პროექტები კი როგორც თბილისში, ასევე ბათუმში იგეგმება.
"როდესაც გადავწყვიტეთ სამშენებლო-დეველოპმენტში შემოსვლა, ასევე გაჩნდა კითხვა, თუ რა სეგმენტში უნდა შემოვსულიყავით. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენი ქვეყანა განვითარებად ეტაპზეა, მოვერიდეთ Luxury სეგმენტში შესვლას და საკუთარ თავს მოვიაზრებთ, როგორც პრემიუმ კლასის, საშუალო და საშუალოზე მაღალი სეგმენტის კომპანიას. თუმცა, უახლოეს პერიოდში, უფრო მაღალ სეგმენტში შესვლაც მოგვიწევს.
თბილისის ორ უბანში საკმაოდ დიდ პროექტებზე ვმუშაობთ, საიდანაც ერთი სწორედ Luxury პროექტი იქნება, რომელშიც შემოვიყვანთ Barcelo ჯგუფის ერთ-ერთ წამყვან ბრენდს. მეორე პროექტს ქალაქის არაცენტრალურ უბანში, სკანდინავიურ ბრენდთან კოლაბორაციით განვიხილავთ. არც ბათუმს დავივიწყებთ და აქ, ახალ წლამდე, ორ პროექტს დავაანონსებთ", - ამბობს ელგუჯა თურმანიძე.
ELT Building-ს უკვე აშენებული და რეალიზებული აქვს 300 000 კვადრატული მეტრი ფართი, „ელთ კვარტალის“ სახით ბათუმის ახალი ბულვარის მიმდებარედ და „ესპანური კვარტალის“ სახით თბილისის ისტორიულ ნაწილში.