მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ამას ნატრობდა ბიზნესი" - KTW ჯგუფის დამფუძნებელი

62b5b025b2614
ვიქტორია მღებრიშვილი
24.06.22 16:47
1544
KTW ჯგუფის დამფუძნებელი და გენერალური დირექტორი ზურაბ ჩხაიძე საქართველოსთვის ევროსაბჭოს მიერ წევრობის პერსპექტივის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებას ეხმაურება. ვიდეო მიმართვაში ჩხაიძე ქართველებს, უკრაინელებსა და მოლდაველებს ევროსაბჭოს გადაწყვეტილებას ულოცავს და აღნიშნავს, რომ ამმ გადაწყვეტილებას ქართული საზოგადოება 30 წლის განმავლობაში ელოდა.

ზურაბ ჩხაიძის შეფასებით, საქართველოსთვის ეს დღე ისტორიულია და ახლა ის პერიოდი იწყება, როდესაც ევროკავშირის ქვეყნების ყურადღება ვალდებულებების შესრულების პროცესში საქართველოსკენ იქნება მოპყრობილი.

„საქართველოში ნამდვილად ისტორიული დღე გათენდა. მინდა მივულოცო საზოგადოებას, რომელიც ამდენი წლის მანძილზე შრომით, თავდაუზოგავად და სწრაფვით მიდიოდა ევროკავშირის გზაზე. დაიწყო ის დღეები, როცა ჩვენ სხვა ყურადღებით დაგვაკვირდებიან ევროკავშირის ქვეყნები იმ რჩევების შესრულების გამო, რომელიც მოგვცეს.

30 წლის განმავლობაში მე დამოუკიდებელი ბიზნესმენი ვარ და ამას ნატრობდა ბიზნესი. უკვე დავინახეთ ის ნათელი მომავალი, რომელიც ასევე ჩვენს ხელშია.

მინდა ასევე მივულოცო ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს - გმირ უკრაინელებს, რომლებსაც ღირსეულად დაიცვეს თავისი ქვეყანა და ასეთ ბრძოლაში არიან. უდავოა მათი ნიჭიერება და თავდადება ქვეყნისადმი. ასევე მინდა ჩვენს ძმებს - მოლდაველებს მივულოცოთ. ორივე ქვეყანა KTW ჯგუფის ღირსეული პარტნიორია. 30 წლის მანძილზე ჩვენ გვერდიგვერდ ვიდექით. სიმბოლურია, რომ ამ პერიოდში ჩვენს ქვეყანას მიეცა საშუალება და მათ გაარღვიეს ეს რკინის ფარდა“, - ამბობს ვიდეომიმართვაში ზურაბ ჩხაიძე.

KTW ჯგუფის დამფუძნებელი თვლის, რომ დღეს მნიშვნელოვანია ის, თუ რა ადგილის დაკავებას შეძლებს ქვეყანა ევროკავშირში ინტეგრაციისას.

„მინდა მივმართო ახალგაზრდებს, რომლებიც ემოციებით აღიქვამენ ამ ფაქტს, მახსოვს ახალგაზრდობაში ბევრი წვალება გვჭირდებოდა ევროკავშირის ვიზის მისაღებად, დღეს ეს თავისუფლება ნამდვილად ღვთის საჩუქარია და ნამდვილად დამსახურება ჩვენი ქვეყნის სწორი სვლისა და გაწონასწორებული ნაბიჯებისა. ამიტომ მინდა ღირსეულად შევაფასოთ მომავალში როგორ დავხვდებით ევროკავშირს და რა ადგილს დავიკავებთ ჩვენ.

მინდა გავიმეორო - რა ადგილს? ბიზნესს აქვს დიდი გამოწვევა, რომელიც შეიძლება ჩვენი წარმატების დასაწყისი გახდეს. უამრავი ბიზნესი შემოვა, უამრავი კაპიტალით და გამოხატავენ ინტერესს საქართველოს მიმართ. ჩვენ დღეიდან უნდა დავიწყოთ ამაზე შრომა, ფიქრი თუ სად მოძებნის ჩვენი ახალგაზრდობა და ეკონომიკა თავის თავს ევროკავშირში ინტეგრაციისთვის.

ჩვენ დავინახეთ, რომ დღეს ამის პერსპექტივა გაჩნდა და სამოქალაქო საზოგადოებამ ერთად უნდა ვიმუშაოთ, თუ როგორ გადავდგათ ეს საკმაოდ რთული ნაბიჯები“, - განაცხადა KTW ჯგუფის გენერალურმა დირექტორმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები