მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ანაკლიის პორტის ყოფილმა ინვესტორმა პროექტი ვერ განახორციელა და შემედგომშიც ცდილობს ხელი შეგვიშალოს"

6040a5b407a08
ელენე გოგბერაშვილი
04.03.21 13:22
1071

საქართველოს ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრ ნათია თურნავას განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის განსახორციელებლად ახალი ტენდერი უახლოეს თვეებში გამოცხადდება. ამის შესახებ მინისტრმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა და ისიც დასძინა, რომ პროექტის ყოფილი ინვესტორის, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მხრიდან  სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა პოტენციური ინვესტორის მოძიების პროცესს ხელს უშლის. 

მედიამ თურნავას კითხა, რა პასუხი აქვს მთავრობას "ანაკლიის კონსორციუმის" მიერ გაკეთებული განცხადებაზე, რომ მთავრობამ პროექტი იმის გამო შეაჩერა, რომ ანაკლიაში მისი მშენებლობა რუსეთის ინტერესებს ეწინააღმდეგება.

"ჩვენ არ ვთვლით საჭიროდ, რომ ყოფილ ინვესტორს კიდევ ერთხელ გავცეთ პასუხი, რადგან რასაც აცხადებს, ეს არის სრულიად პოლიტიური ნარატივი. თუკი ვერ შესრულდა ეს პროექტი, ამაში პირველ რიგში ინვესტორის პასუხისმგებლობაა. მთავარი, რაც მას ეკისრებოდა იყო დაფინანსების შეკვრა - ეს ვერ მოხერხდა და ნებისიერი ასეთი განცხადება არის პასუხისმგელობის თავიდან არიდების მცდელობა. ის, რომ ჩვენ ვაცხადებთ, რომ გვირჩევნია დასავლელი ინვესტორი, ესაა ზოგადად ჩვენი ქვეყნის პოლიტიკა, რომ გვირჩევნია დასავლელი ინვესტორი, ევროპელი ინვესტორი, რადგან ესაა არა მარტო ინვესტიცია, რომელიც ღირებულია, არამედ დასავლური ბიზნესის მართვის კულტურა"-აცხადებს თურნავა.

კითხვაზე, უშლის თუ არა ხელს  ინვესტორის მოძიების პროცესს"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" მხრიდან სახელმწიფოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა, თურნავა პასუხობს:

"ძალიან სამწუხაროა, რომ ყოფილმა ინვესტორმა ერთია, რომ პროექტი ჩააგდო, დააგვიანა, თორემ ახლა გვექნებოდა ოპერირებადი პორტი და 600 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელებული და გარდა ამისა გვედავება, რაც არის ხელისშემშლელი ფაქტორი არა - სამართლებრივად, ანუ ეს ტენდერს ხელს არ შეუშლია, მაგრამ გარკვეულ კითხვებს იწვევს ხოლმე პოტენციურ ინვესტორებში და ძალიან დასანანია, რომ ყოფილმა ინვესტორმა პროექტი ვერ განახორციელა და შემედგომშიც ცდილობს ხელი შეგვიშალოს. მაგრამ იმედი გვაქვს, მიუხედავად ამ გამოწვევისა, შევძლეთ და დავაინტერსებთ პოტენციურ ინვესტორებს"-განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

 

შეგახსენებთ, “ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა და მთავარმა უცხოელმა ინვესტორმა საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო სარჩელი გასული წლის 29 ივლისს შეიტანეს”.

სარჩელები ეხება ანაკლიის პორტის პროექტის განხორციელების პროცესში მთავრობის "ძირგამომთხრელი კამპანიის შედეგად ანკლიის კონსორციუმისთვის მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურებას".

2 დამოუკიდებელი სარჩელი არბიტრაჟში "ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა" და ბობ მეიერმა შეიტანეს, რომელიც კონსორციუმის ერთ-ერთი მთავარი მეწილე იყო.

"კონსორციუმი და ბატონი მეიერი ითხოვენ პროექტში მათი დარღვეული უფლებების აღდგენას. ამ მოთხოვნების ოდენობა არის დიდი მოცულობის, სცდება 1 მილიარდ აშშ დოლარს და შედგება ADC-სა და ბატონი მეიერის დანაკარგისგან, რომელიც პირდაპირი შედეგია საქართველოს მთავრობის კამპანიის, ძირი გამოეთხარა ანაკლიიის პორტის პროექტისთვის", - ნათქვამი იყო კონსორციუმის განცხადებაში.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობამ "ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან" ხელშეკრულების გაწყვეტის გადაწყვეტილება გასული წლის იანვარში მიიღო. ხელისუფლების განმარტებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა ვერ შეასრულა ვალდებულებები - ვერ მოიზიდა 120 მილიონი დოლარი საკუთარი კაპიტალის შესავსებად და ვერ წარმოადგინა ხელშეკრულებები 400 მილიონი აშშ დოლარის ოდენობით სესხის გამოყოფის თაობაზე საერთაშორისო ბანკებთან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები