კოჯორში მდებარე ველნეს კურორტის, „ბიოლის“ დამფუძნებელი, თამაზ მჭედლიძე Forbes Talks-სთან ინტერვიუში „ბიოლის“ დაფუძნების შესახებ ყვება. მისი თქმით, კოჯორში ამ ეტაპზე ჩანაფიქრის მხოლოდ 10% აქვს გაკეთებული.
როგორც მჭედლიძე ამბობს, ყველას უკვირს, ამ ტერიტორიაზე, ამდენი ფულის ინვესტირება რატომ გადაწყვიტა.
„აქ არის სულ 32 ჰექტარის ფართობის ტერიტორია და მხოლოდ 13 კოტეჯი. თუმცა, ეს ჯერჯერობით. მე აქ შევქმენი ის, რაც ჯერ არავის გაუკეთებია. ეს არის ქართული ველნესი, რასაც სჭირდება დამუშავება. შესაბამისი პერსონალის მომზადება. იქმნება აბსოლუტურად ახალი და უნიკალური ინდუსტრია Georgian Wellness - ქართული ველნესი. საქართველოში რომ ტურისტი ჩამოვა, უნდა იცოდეს, რომ თაფლი ქართულია, ღვინო საქართველოდან მოდის, ეს ყველაფერი კარგად შესაფუთია. სხვათა შორის, ჩვენ ახალი სპეციალობაც კი დავარეგისტრირეთ. ეს არის ველნეს-თერაპევტი, რომელსაც ეცოდინება ავადმყოფობის მკურნალობის კი არა, ჯანმრთელობის შენარჩუნების ტექნოლოგიები. ასევე, ვაპირებთ შევქმნათ ინსტიტუტი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერტიფიცირებით, რათა ახალი ცნება - ქართული ველნესი - მსოფლიოში ამის მეშვეობითაც გავიტანოთ“, - განაცხადა მჭედლიძემ.
მისივე თქმით, ჯამში 40 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს უკვე განხორციელებული და ინფრასტრუქტურა სრულად მისი გაკეთებულია, სახელმწიფოს დახმარების გარეშე.
გარდა ამისა, თამაზ მჭედლიძე სტუმრებზეც საუბრობს და ამბობს, რომ „ბიოლში“ უკვე 80-ზე მეტი ქვეყნის მოქალაქეა ნამყოფი.
„ვერ გეტყვით, რომელი ქვეყნები დომინირებს, მაგრამ შეიძლება ისრაელის, სპარსეთის ყურის ქვეყნების გამოყოფა. მათ შორის ყატარი, ქუვეითი, საემიროები. საემიროებიდან ჩამოსულებისთვის ეს არის სასწაული, აქ მათთვის “3D” ბუნებაა. თუმცა, ევროპიდანაც ბევრი ვიზიტორი გვყავს, ასევე ლათინური ამერიკის რეგიონიდან, ახალი ზელანდიიდან, ავსტრალიიდან. ძალიან მიხარია, რომ მთელმა მსოფლიომ შეიძლება გაიცნოს საქართველო. საქართველო უნიკალური და სასწაულია, ეს უნდა იყოს ძვირადღირებული, ფუფუნების ქვეყანა. ამიტომაც აქ რაიმე თუ გაკეთდება, უნდა იყოს მაღალი დონის. ჩვენ თუ არ მოვიზიდეთ მდიდარი ხალხი, ყოველთვის სუსტი ქვეყანა ვიქნებით”, - ამბობს მჭედლიძე.




























