„საქართველო არასოდეს დაუშვებს სანქცირებული ტვირთების გადატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით“ - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, უკრაინის სამხედრო დაზვერვის სამსახურის მხრიდან კონტრაბანდული ტვირთის საქართველოს ტერიტორიით გადაზიდვაში საქართველოს მთავრობის მონაწილეობის ბრალდება აბსურდულია.
„ძალიან სამწუხარო იყო ჩემთვის ასეთი ცილისმწამებლური ბრალდების მოსმენა. გასაგებია, რომ ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული განცხადება, არანაირი მტკიცებულება, არანაირი ფაქტი წარმოდგენილი არ იყო.
მინდა ცალსახად განვაცხადო, რომ საქართველო არასოდეს დაუშვებს რაიმე სანქცირებული ტვირთების გადატანას ჩვენი ტერიტორიის გამოყენებით. მით უმეტეს რამდენად აბსურდულია ის ბრალდება, რომ მთავრობა ამაში ჩართულია - ამაზე სერიოზული კომენტარის გაკეთება არ შეიძლება.
სრულ კოორდინაციაში ვართ ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან, ონლაინ რეჟიმში ვცვლით ინფორმაციას რომელიც დაკავშირებულია მგრძნობიარე საკითხებთან და ვფიქრობ აქ არანაირი კითხვა აღარ უნდა არსებობდეს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.
მან უკრაინას და უკრაინელებს დამანგრეველი ომის მალე დასრულება უსურვა, რომელიც ძალიან დიდი გამოწვევაა არამხოლოდ უკრაინისთვის, არამედ ჩვენთვის და მთელი მსოფლიოსთვის. ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კომპეტენტური უწყებების მხრიდან არაერთი განცხადება გაკეთდა კონტრაბანდული ტვირთის საქართველოს გავლით გადატანასთან დაკავშირებით გაკეთებულ ბრალდებაზე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს მიერ გავრცლებული ინფორმაციით, რუსეთი სანქციების თავის არიდების მიზნით, სხვადასხვა ტვირთების, მათ შორის სამხედრო საქონლის გადაზიდვისთვის კონტრაბანდულ გზებს საქართველოს ტერიტორიის გავლით ქმნის. ამ განცხადებას, საქართველოს უსაფრთხოების სამსახურმა უპასუხა. უწყებაში აღნიშნეს, რომ ბრალდების დასამტკიცებლად საქართველო უკრაინისგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელის. დმიტრო კულებას თქმით, უკრაინა საქართველოსგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება, რომ ის რუსეთს კონტრაბანდული საქონლის გატარებაში არ ეხმარება. 5 სექტემბერს კი უკრაინის საგარეო საქმეტა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ უკრაინა საქართველოსგან კონკრეტულ მტკიცებულებებს ელოდება, რომ ის რუსეთს კონტრაბანდული საქონლის გატარებაში არ ეხმარება.




























