მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არ მგონია, შეხვედრაზე რაიმე კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ“ – „ტრეფიკ თრეველი"

600ff70e35573
ვიქტორია მღებრიშვილი
26.01.21 15:20
898
საქართველოს მთავრობის კანცელარიაში ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგებსა და ბიზნესის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა მიმდინარეობს; შეხვედრის პარალელურად კი, კანცელარიასთან სამოქალაქო აქცია #სოცაფეთქება იწყება. 

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი და ტურისტული კომპანია „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი BM.GE-ისთან საუბრისას აცხადებს, 24 იანვარს ხელისუფლებისთვის მიცემული შეზღუდვების გადახედვის დრო კონკრეტული შედეგების გარეშე ამოიწურა.

"გუშინ ეკონომიკის სამინისტროს მაღალჩინოსნებთან შეხვედრას მთის კურორტებზე მოქმედი ბიზნესების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ და მივიღეთ აბსოლუტურად არაადეკვატური შედეგი, რადგან ახლა გვეკითხებიან, რა წესებით უნდა მოხდეს მთის კურორტების უსაფრთხოდ გახსნა. წარმოგიდგენიათ, ტურიზმის სექტორს იანვრის ბოლოს გვეკითხებიან, რა რეკომენდაციებით უნდა გაიხსნას კურორტები და ეს მაშინ, როდესაც კურორტის ფუნქციონირებისთვის 1 თვეა დარჩენილი. ამაზე საუბარი და მუშაობა დეკემბერში უნდა დაწყებულიყო. როგორც ჩანს, თვითონ არც მუშაობენ ამაზე და არანაირი გეგმა არ აქვთ“, - აცხადებს ცოტნე ჯაფარიძე.

მას დღეს მთვარობის ადმინისტრაციაში ეკონომიკური გუნდის, ეპიდემიოლოგების და კერძო სექტორის შეხვედრიდან დიდი მოლოდინი არ აქვს. "არ მგონია, შეხვედრაზე რაიმე კონკრეტულ შედეგამდე მივიდეთ. აქამდე არაერთი შეხვედრა იყო, ფიზიკური შეხვედრები, წერილები, მაგრამ შედეგი არ დადგა".

ცოტნე ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ტურიზმის ამოქმედებას ახლა მხოლოდ ზამთრის ტურიზმისთვის და ბიზნესისთვის კი არ აქვს დიდი მნიშვნელობა, არამედ - მთლიანად ქვეყნისთვის.

"უკან დასახევი გზა არ გვაქვს. აღარაფერი დაგვრჩა იმისთვის, რომ ვიარსებოთ და თავი გავიტანოთ, ამიტომ ბოლომდე ვეცდებით, მივაღწიოთ შედეგს. აქ საუბარი აღარ არის, რომ ზამთრის სეზონი გადარჩეს, მოდის ზაფხული და სახელმწიფო მომზადებული თუ არ შეხვდა, აქ ტურისტები არ ჩამოვლენ. ძალიან გაიაფებულია მსოფლიოში პოპულარული ტურისტული მიმართულებების პაკეტები. კონკურენცია ძალიან დიდია და რატომ ჩამოვლენ აქ თუ არ ვიმუშავეთ და არ ვიაქტიურეთ...“, - აცხადებს „ტრეფიკ თრეველის“ დამფუძნებელი.

ის ამბობს, რომ მთის კურორტების გახსნისთვის და საბაგიროების მოსამზადებლად 10 დღეა საჭირო. „ჩემი ინფორმაციით, საქართველოს მთის კურორტების განვითარების კომპანიას საბაგიროების ასამოქმედებლად სჭირდება 10 დღე იმისთვის, რომ მოამზადოს სათხილამურო ტრასები; რაც შეეხება ბიზნესს, ყველანაირად მზად ვართ, რომ გავიხსნათ, სანამ კურორტზე თოვლია“, - ამბობს ჯაფარიძე.

შეგახსენებთ, რომ დღეს საკოორდინაციო საბჭოზე მიღებული გადაწყვეტილებით, ქვეყანაში შეზღუდვების წერტილოვანი შემსუბუქება იმ შემთხვევაში მოხდება თუ აჭარის მსგავსად, დანარჩენ რეგიონებში ვირუსის გამოვლენის დადებითობა 4%-ზე დაბალი იქნება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები