ეკონომისტი ბეჩო ნამჩავაძე ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით "ფეისბუქზე" ვრცელ პოსტს აქვეყნებს და განმარტებას აკეთებს. როგორც ის წერს, ის, რომ შარშანდელ ლოქდაუნიან აპრილთან შედარებით მაღალი ზრდაა, გასაკვირი არ არის.
მისივე თქმით, გაცილებით საინტერესოა ის ფაქტი, რომ მიმდინარე წლის აპრილში, 2019 წლის აპრილთან (პანდემიამდე პერიოდი) შედარებით ეკონომიკა 21%-ით გაიზარდა.
"მაშინ, როდესაც 2019 წლის აპრილთან შედარებით ტურისტების რაოდენობა 78%-ით არის შემცირებული, ღამით კომენდანტის საათია და გარკვეული კოვიდრეგულაციები ნარჩუნდება, როგორ/რატომ გაიზარდა ეკონომიკა 21%-ით?
პირველ რიგში, წინასწარი მონაცემია და შესაძლოა შემდეგ დაკორექტირდეს, თუმცა მნიშვნელოვნად არ შეიცვლება.
21%-იანი ზრდის ძირითადი ფაქტორები არის სახელმწიფო მხრიდან ეკონომიკის სუბსიდირება (სოც დახმარებები, ბიზნეს გრანტები, კაპიტალური პროექტების დაფინანსების ზრდა და ა.შ.) და ექსპორტის ზრდა, რაც ძირითადად სხვა ქვეყნების ეკონომიკური კრიზისიდან სწრაფად გამოსვლის შედეგია. 2021 წლის აპრილში, 2019 წლის აპრილთან შეადრებით ექსპორტი 22%-ითაა გაზრდილი.
ოღონდ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ზრდა საკმაოდ ხარჯიანია. 21%-ის უკან დგას ეკონომიკის მიმართ 65%-მდე გაზრდილი სახელმწიფო ვალი (ფული, რომლითაც მთავრობამ ეკონომიკა "დაბუსტა"), გაუფასურებული ლარი და მაღალი ინფლაცია. ამ გზით მივაღწიეთ ტურისტებისგან დაცლილ, კომენდანტის საათიან ქვეყანაში 21%-იან ზრდას.
შეიძლებოდა ვალი და ფასები ისე გაზრდილიყო, მაღალი ეკონომიკური ზრდა არ გვქონოდა. კარგია რომ ასე არ არის და საზოგადოებისთვის მაღალხარჯიანი ზრდა მაინც მივიღეთ, მაგრამ სასიხარულო არაფერია. ვალების გასტუმრებას რომ დავიწყებთ და წლიური ინფლაცია 3%-მდე მაინც ჩამოვა, მაშინ თუ 8%-მდე ეკონომიკური ზრდა მაინც გვექნება, მეც ძალიან გამიხარდება", - წერს ბესო ნამჩავაძე.
შეგახსენებთ, ეკონომიკური ზრდის შესახებ დღეს გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით წელს, აპრილში საქართველოს ეკონომიკა 44.8%-ით გაიზარდა. ამასთან, იანვარ-აპრილში ეკონომიკური ზრდა 8.1% იყო.




























