მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"არავინ იცის, რომ ქართული ჩაი არსებობს" - "ჩაი აკეთი"

63d660154d6ff
მარიამ იზორია
29.01.23 15:50
955
საქსტატის ინფორმაციით, გასულ 2022 წელს საქართველომ 2 698 ტონა ჩაის იმპორტი განახორციელა, რისთვისაც ქვეყნიდან 9.9 მლნ დოლარი გავიდა. 2021 წელს კი ქვეყანაში იმპორტირებული ჩაის მოცულობამ 2 525 შეადგინა, ხოლო ღირებულებამ 9 მლნ დოლარი.

ჩაის იმპორტის ზრდაში პრობლემას ხედავენ მცირე მეწარმეები. მაგალითად, „ჩაი აკეთის“ დამფუძნებელი სერგო გაგუა bm.ge-სთან განმარტავს, რომ მათთვის გაფართოება, დისტრიბუცია, შემდგომ კი პროდუქტის დახლზე განთავსება გამოწვევაა.

მისივე თქმით, ქართული ჩაის საწყისად ადგილობრივ, შემდგომ კი საერთაშორისო ბაზრებზე პოპულარიზაცია უნდა მოხდეს, ასე კი ქართული წარმოება იმპორტირებულთან კონკურენციაში შესვლას შეძლებს.

„არავინ არ იცის, რომ ზოგადად ქართული ჩაი არსებობს. მათ შორის, არც ქართველმა მომხმარებელმა. მქონია შეკითხვები - ნუთუ მართლა არსებობს ქართული წარმოება? ან მართლა იკრიფება საქართველოში ჩაი? სახელმწიფოსგან ჩვენ ვითხოვთ ქართული ჩაის პოპულარიზაციას და ეს ყველანაირი მეთოდით შეიძლება მოხდეს.

როგორც ღვინოში ჩაიდო თანხები, მსგავსად უნდა მოხდეს ჩაის შემთხვევაშიც. რეალიზაციამდე ვერ მივდივართ, ცუდია, რომ მაღაზიის დახლებზე 95% არის იმპორტირებული - შემოტანილი ჩაი“ - ამბობს „ჩაი აკეთის“ დამფუძნებელი.

იმპორტის ზრდას ეხმაურებიან მეჩაიეთა ასოციაციაშიც. ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოება იმპორტირებულ პროდუქტს ხარისხით არ ჩამოუვარდება, თუმცა ქართული ჩაი იმპორტირებულს - ფასში, ასორტიმენტსა და მოცულობაში კონკურენციას ვერ უწევს.

„იმპორტირებული ჩაი „სჯობნის“ ქართულ ჩაის იმით, რომ მათ აქვთ დიდი ასორტიმენტი, დიდი მოცულობა და შეუძლიათ ფასების რეგულირება. შიდა ბაზარზე ქართული ჩაის ხვედრითი წილი პერიოდულად იზრდება, მაგრამ ჯერ კიდევ ვერ მივაღწიეთ სერიოზულ ზრდას. 25%-ზე მეტი შიდა ბაზარზე ქართული ჩაი არ არის“ - განმარტავს მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი თენგიზ სვანიძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები