ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ქვეყანაში მსხვილი ენერგეტიკული პროექტები ათწლეულების განმავლობაში არ განხორციელებულა, ამიტომ დღეს არსებული კანონმდებლობა დასახვეწია. ამის შესახებ ნათია თურნავამ ბათუმში ტერმინალის გახსნის შემდეგ ჟურნალისტებს „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით დასმული კითხვების საპასუხოდ განუცხადა.
მინისტრის ინფორმაციით, ნამახვანჰესის მშენებელ ინვესტორ "ენკასთან" დადებულ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და კომპანია ამ პროცესს გაგებით ეკიდება.
„ხელშეკრულების ზოგიერთი მუხლი საკმაოდ პრობლემატურია და მოსახლეობაში კითხვებს იწვევს. პირველ რიგში ეს ეხება ინვესტორისთვის კალაპოტის ნაწილის ხანგრძლივი ვადით იჯარაში გადაცემის თემას. კანონმდებლობით ეს მაქსიმალური ვადაა(99 წელი) და ეს ვადა დაშვებულია, მაგრამ რეალურად ეს იწვევს პრობლემებს, რადგან ჩვენ აქამდე მსხვილი ენერგეტიკული ობიექტის განხორციელების გამოცდილება არ გვქონია, ქვეყანაში რამდენიმე ათწლეულია ასეთი დიდი ობიექტი არ აშენებულა, აქედან გამომდინარე ჩვენც ვსწავლობთ გზადაგზა, როგორ შეიძლება დაიხვეწოს კანონმდებლობა.
ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს ინვესტორთან. ძალიან კარგია, რომ ინვესტორი ამას გაგებით ეკიდება, იმიტომ რომ მათი ამოცანაა, რომ პროტესტი არ იყოს და მშვიდ ვითარებაში აშენდეს ეს პროექტი, რომელიც ქართული ენერგეტიკის თვალსაჩინო პროექტი იქნება“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
ეკონომიკის მინისტრის ინფორმაციით, მხარეებს შორის ევროკავშირის ენერგო გაერთიანების სამდივნოს ჩართულობით მედიაციის პროცესი ხვალ - 12 ივნისს დაიწყება.




























