“2020 წელს კომპანია იგივე შემოსავალზე გავიდა, რაც 2019-ში ჰქონდა, მაგრამ რომ არა პანდემია, გასულ წელს შემოსავლების ნაწილში, დაახლოებით, 10%-იან ზრდას ვვარაუდობდით, რაც 30 მლნ ლარით ზრდას ნიშნავს”, - ამის შესახებ “საქმიან დილაში” “სილქნეტის” კომერციულმა დირექტორმა ბაჩო ჩინჩალაძემ განაცხადა.
ჩინჩალაძემ კომენტარი “სილქნეტის” ქსელში 2020 წელს აბონენტების რაოდენობის 76 ათასით შემცირებაზეც გააკეთა და ეს რამდენიმე მიზეზით ახსნა.
“აქ მთავარი ფაქტორი ტურისტების შემოდინების კლება და მისი არარსებობაა. შემოსული ტურისტების დიდი რაოდენობა "სილქნეტის" ქსელის მომხმარებელი იყო. მეორე ფაქტორი დახურული უნივერსიტეტები და სკოლებია, ამ დროს მოსწავლეების და სტუდენტების აქტიური მიგრაცია სახლის ინტერნეტზე მოხდა, ხოლო აბონენტებს რაოდენობის კლების მესამე მიზეზია ის, რომ კონკრეტულმა კომპანიებმა, რომლებიც თანამშრომლებს კორპორატიულ სიმ ბარათებს აძლევდნენ და თანხას უხდიდნენ, ამ მომსახურებების მიღება შეწყვიტეს”, - განაცხადა ჩინჩალაძემ.
რაც შეეხება 2021 წლის რისკებს, ჩინჩალაძე მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე სექტორისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა. კომპანიის მენეჯმენტისთვის, ასევე, მნიშვნელოვანია ლარის კურსის სტაბილურობაც.
“ეროვნული ვალუტის არასტაბილურობა ჩვენთან პირდაპირ თანხვედრაშია, რადგან ჩვენი კაპიტალური დანახარჯების და საოპერაციო ხარჯების დიდი ნაწილი უცხოურ ვალუტაში - დოლარშია, ხოლო შემოსავლები ლარში, შედეგად ლარის გაუფასურება დიდ ზიანს გვაყენებს”, - განმარტა ჩინჩალაძემ.