მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"აზერბაიჯანისა და ყაზახეთის ურთიერთობები პრინციპულად სხვა დონეზე გადავიდა"

630a13f117322
გიორგი არონია
27.08.22 17:00
3055

ბოლო დროს, ჩვენი რეგიონის ორი წამყვანი სახელმწიფოს, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ურთიერთობები პრინციპულად სხვა დონეზე გადავიდა, რაც ორ ქვეყანას შორის არსებულ ეკონომიკურ სინერგიაზე აისახება, – ამის შესახებ ყაზახი ეკონომისტი, ჟანდოს თემირგალი წერს, რომელსაც ურთიერთობის განვითარების მაგალითად ქვეყნის ლიდერების ბოლო შეხვედრა მოჰყავს, რომელიც 24 აგვისტოს, ბაქოში შედგა.

ყაზახი ეკონომისტის თქმით, ორ სახელმწიფოს შორის სიახლოვე განპირობებულია როგორც კულტურული და ისტორიული, ასევე ეკონომიკური მიზეზებითაც. იმაზე, რომ ქვეყნები მრავალმხრივად თანამშრომლობენ მათ შორის არსებული ტვირთბრუნვის ზრდაც მიუთითებს – მიმდინარე წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვის მოცულობამ $161.1 მილიონი შეადგინა, რაც სამჯერ მეტია გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით. საერთო ჯამში, გასულ წელს, ტვირთბრუნვის ჯამურმა მოცულობამ $332.2 მილიონი შეადგინა, რაც გაცილებით აღემატება არამხოლოდ პანდემიური 2020-ის, არამედ 2019 წლის შედეგებსაც. ცნობისთვის გეტყვით, რომ ყაზახეთის პრეზიდენტს, ყასიმ-ჟომარტ ტოკაევს სურს, უახლოეს წლებში, ორ სახელმწიფოს შორის ტვირთბრუნვის მოცულობამ $1 მილიარდს გადააჭარბოს.

ამასთანავე, განსაკუთრებით საინტერესოა ყაზახეთში აზერბაიჯანული წარმომავლობის სუბიექტების არსებობა. ამ ეტაპზე, ყაზახეთში აზერბაიჯანული კაპიტალის მქონე 500-ზე მეტი კომპანია ირიცხება, მაშინ, როცა აზერბაიჯანში ანალოგიური მაჩვენებელი 140-ს შეადგენს. აღნიშნული კომპანიები, უმეტესწილად, ვაჭრობის, სოფლის მეურნეობის, მშენებლობის, ტრანსპორტირებისა და ლოგისტიკის სექტორებს წარმოადგენენ.

ორ ქვეყანას შორის ლოგისტიკის ინდუსტრიაში გაჩაღებული თანამშრომლობა უცნაური სულაც არ არის – ბევრი ეკონომისტის და მათ შორის ჟანდოს თემირგალის აზრით, ყაზახეთისა და აზერბაიჯანის ორმხრივი პარტნიორობის დასაყრდენად სწორედ ლოგისტიკა, კერძოდ კი „საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორი“ უნდა იქცეს, რომელსაც ხშირად „შუა დერეფნადაც“ მოიხსენიებენ. აღნიშნული სატრანსპორტო მარშრუტი, რომელიც ყაზახეთის, კასპიის ზღვისპირეთის, აზერბაიჯანის, საქართველოსა და თურქეთის ტერიტორიებზე გადის, ევრაზიისა უდიდეს ბაზრებსა და ჩინეთს ევროკავშირთან აკავშირებს.

ამგვარად, ამ პროექტში მონაწილეობა და მისი ყველანაირად ხელშეწყობა საქართველოსთვისაც კრიტიკულად მნიშვნელოვანია.

„შუა დერეფნის“ მნიშვნელობაზე ამ მარშრუტით გატარებული ტვირთის სტატისტიკაც მეტყველებს – მიმდინარე წლის იანვარ-ივლისში, ტვირთბრუნვამ 845.2 ათასი ტონა შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 171%-ით აღემატება. განსაკუთრებით საყურადღებოა საკონტეინერო გადაზიდვების მოცულობა, რომელმაც ამ პერიოდში 17.6 ათასი TEU შეადგინა, რაც თავისთავად, 33%-იანი ზრდის მანიშნებელია. საინტერესოა, რომ გასული ხუთი წლის განმავლობაში, „ბაქო-თბილისი-ყარსის“ სარკინიგზო ხაზის გამოყენებით, რომელიც ამავე მარშრუტზე ძევს, 3.9 მილიონი ტონა ტვირთის გადაზიდვა მოხერხდა. დღეს, „საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის“ ტვირთის გამტარუნარიანობა წელიწადში 5.8 მილიონ ტონას შეადგენს და მომავალ წლებში, ამ მოცულობის ზრდაა მოსალოდნელი.

„შუა დერეფნის“ უპირატესობებად ჟარდოს თემირგალი მიწოდების მაღალ სიჩქარეს და კომპლექსური რისკების ნაკლებობას მიიჩნევს. ყაზახი ეკონომისტის შეფასებით, დღეს, ამ მარშრუტით, ჩინეთიდან თურქეთამდე ტვირთის ჩასატანად 10-12 დღე, ჩინეთიდან ევროკავშირამდე კი 14 დღე არის საჭირო – მაშინ, როცა საზღვაო გადაზიდვებს სამჯერ და ხანდახან ოთხჯერ უფრო მეტი დრო სჭირდება. რაც შეეხება „შუა დერეფნის“ გეოპოლიტიკურ საკითხებს, ამ კუთხით თემირგალი ნაკლებ რისკს ხედავს, რადგან ის ქვეყნები, რომელთა ტერიტორიაზე გადის აღნიშნული მარშრუტი, ერთმანეთის მიმართ მეგობრულად არიან განწყობილნი.

თუმცა, აუცილებლად უნდა ითქვას, რომ სარკინიგზო, საგზაო და საზღვაო გადაზიდვების გარდა, „საერთაშორისო ტრანსკასპიურ სატრანსპორტო კორიდორს“ შეუძლია, რომ ერთ-ერთ უმთავრეს მარშრუტად იქცეს ენერგომატარებლებისა და ინტერნეტის გლობალური ბაზრის რუკაზე. ამ მიმართულებით განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია არამხოლოდ „ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის“ მილსადენი, არამედ მრავალხაზიანი ოპტიკურ-ბოჭკოვანი კაბელების მთელი წყება, რომელიც კასპიის ზღვის ფსკერზე არის განლაგებული.

თამამად შეიძლება ითქვას, რომ ტრანსკონტინენტური მარშრუტების განვითარება მნიშვნელოვანია არამხოლოდ ყაზახეთისა და აზერბაიჯანისთვის, არამედ საქართველოსთვისაც, რომელიც „შუა დერეფნის“ შემთხვევაში, ერთგვარ კრიტიკულად მნიშვნელოვან როლსაც კი თამაშობს. არ შევცდებით თუ ვიტყვით, რომ „საერთაშორისო ტრანსკასპიური სატრანსპორტო კორიდორის“ პროექტში ჩართულ სახელმწიფოთა ერთობლივი ძალისხმევით, შესაძლებელია ამ ქვეყნების ლოგისტიკური პოტენციალის გაზრდა, ასევე პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოზიდვა და ქვეყნებისა და რეგიონის მდგრადი ეკონომიკური განვითარება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები