ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანების ხელმძღვანელის განცხადებით, საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის მიერ დაფუძნებულ ერთობლივ კომპანიას ჯერჯერობით სრულფასოვანი მუშაობა არ დაუწყია.
როგორც გიორგი ჯახუტაშვილმა BMG-ის განუცხადა, მისი ინფორმაციით, ერთობლივი სარკინიგზო კომპანიის ორგანიზაციული მოწყობა ამ დრომდე მიმდინარეობს, რის შემდეგაც საწარმო ბიზნესს ერთიან მომსახურებას შესთავაზებს.
მისი თქმით, მსგავსი ტიპის ერთობლივი კომპანიის მუშაობა ხელს შეუწყობს შუა სატრანსპორტო დერეფანში ტვირთების მოზიდვას და შენარჩუნებას.
“ჩემი ინფორმაციით, ჯერ ისევ მოსამზადებელი სტადიაა. შუა დერეფანში არსებული გამოწვევების ფონზე, საერთო სატარიფო პოლიტიკა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია. სახელმწიფოებმა ერთობლივი სარკინიგზო კომპანია დააფუძნეს, რომელიც ერთიან გამარტივებულ სერვისს შესთავაზებს ბიზნესს. ეს საკმაოდ კარგი პრაქტიკაა და ხელს შეუწყობს ტვირთების მოზიდვას. ამ ეტაპზე, რა თქმა უნდა, გაზრდილია ჩვენს დერეფანში ტვირთბრუნვა. ამ კომპანიის ხედვა თანხვედრაშია იმ მიზანთან, რომ გადმომისამართებული ტვირთის დიდი ნაწილი დავტოვოთ ამ დერეფანში. ერთობლივ საწარმოსთან დაკავშირებით შეთანხმება მიღწეული და ხელმოწერილია. ჩემი ინფორმაციით, ამ დროისთვის ორგანიზაციული მოწყობისა და სატარიფო პოლიტიკის შეთანხმების პროცესი მიმდინარეობს. შემდეგ უკვე ბიზნესისთვის შესაბამისი სერვისი ხელმისაწვდომი იქნება”, - განაცხადა გიორგი ჯახუტაშვილმა.
ცნობისთვის, 2023 წლის ნოემბერში საქართველოს, აზერბაიჯანისა და ყაზახეთის რკინიგზებმა ერთობლივი კომპანია დააფუძნეს. Middle Corridor Multimodal - ასე ჰქვია კომპანიას, რომელმაც სახმელეთო გადაზიდვების კოორდინაცია და ერთობლივი სატარიფო სისტემის შექმნა უნდა უზრუნველყოს.