მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"ბაზრის ლიბერალიზაცია კონკურენციას გააჩენს - ელექტროენერგიის ფასი, სავარაუდოდ, დაიწურება"

5f670b6f148e4
სალომე მეცხვარიშვილი
20.09.20 12:00
1540
ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია კონკურენციას გააჩენს და ენერგიის ფასი, სავარაუდოდ, დაიწურება - ამის შესახებ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის(სემეკი) თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ გადაცემა “ფორბს კვირაში” განაცხადა.

მისი თქმით, ბაზრის ლიბერალიზაცია ნიშნავს, რომ ენერგიის ფასს დაადგენს არა სემეკი, არამედ თავად ბაზარი, კონკრეტულად კი ენერგეტიკულ ბირჟაზე რეგისტრირებული კომპანიები, რომლებიც აქ ივაჭრებენ. დავით ნარმანიას თქმით, ენერგეტიკული ბირჟა სატესტო რეჟიმში უკვე მუშაობს და 2021 წლის ივლისიდან სრულყოფილად ამოქმედდება.

ნარმანიას განცხადებითვე, ბირჟაზე დარეგისტრირდება ყველა კომპანია, რომელსაც ენერგიით ვაჭრობა სურს, რაც მომხმარებელს საშუალებას მისცემს ენერგია ინდივიდუალურად შეისყიდოს იმ კომპანიისგან, რომელიც კონკურენტულ ფასს შესთავაზებს.

“კომპანიები - დაწყებული ენგურჰესიდან - ჩვენი გენერაციის ყველაზე მსხვილი ობიექტიდან - დასრულებული მცირე ჰესებით - იქნებიან რეგისტრირებული ენერგეტიკული ბირჟის პლატფორმაზე. 100-ზე მეტი მიმწოდებელი უნდა იყოს ენერგიის ბაზარზე ამ ეტაპისთვის. მომავალში ეს რიცხვი გაიზრდება, რადგან მიმდინარეობს ახალი მცირე ჰესების მშენებლობა, გაჩნდებიან ტრეიდერები, შესაბამისად, კონკურენციის ზრდას ველით”,- აცხადებს ის.

შეგახსენებთ, 2020 წლიდან საქართველოში ენერგეტიკული ბაზრის ლიბერალიზაცია დაიწყო. 2019 წლის 27 დეკემბრიდან ამოქმედდა “ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ” საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც ენერგეტიკული ბაზრები რამდენიმე წელიწადში ახლებურად ჩამოყალიბდება, გაუმჯობესდება კონკურენტული გარემო - ერთი მონოპოლისტი მიმწოდებლის ნაცვლად ბაზარზე გაჩნდება მრავალი მიმწოდებელი, პირობითად, ბევრი “თელასი” ან “თბილისი ენერ ჯი” და ელექტროენერგიისა და ბუნებრივი გაზის მომხმარებლებს, ექნებათ შესაძლებლობა, რომ მომსახურებისთვის აარჩიონ ის მიმწოდებელი კომპანია, რომელიც საუკეთესო საფასურსა თუ სერვისს შესთავაზებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები