„მაინტერესებს ოპოზიციურ მმართველობაში ბიზნესი როგორ ვითარდება“ - ასე პასუხობს ბიზინესმენი თემურ ჭყონია BM.GE-ის კითხვას, რომელიც მის წალენჯიხასთან დაკავშირებულ გეგმებს შეეხებოდა.
საქმე ის, არის რომ დღეს პოლიტიკური პარტია „ლელო - საქართველოსთვის“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ Facebook-ის პირად გვერდზე დაწერა, რომ მის გადაწყვეტილებას წალენჯიხაში გადასვლისა და ბიზნესის ამოქმედების შესახებ ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც იზიარებდა. BM.GE-მ თემურ ჭყონიას ჰკითხა, როდის აპირებს წალენჯიხაში ჩასვლას და როგორ წარმოუდგენია ოპოზიციონერი მერისთვის მხარდაჭერის აღმოჩენა.
„სერიოზული ინტერესი გამიჩნდა წალენჯიხაში ოპოზიციონერი მერობის კანდიდატის გამარჯვების მიმართ. ეს ხომ არ ნიშნავს ქვეყნის წინააღმდეგ წასვლას. მე არავის ოპოზიციონერი არ ვარ და მაინტერესებს ოპოზიციურ მმართველობაში ბიზნესი როგორ ვითარდება. არის დამოუკიდებელი მერი, რომელსაც დამოუკიდებლად შეუძლია მიიღოს გადაწყვეტილებები და როგორც ბიზნესმენს მასთან ერთად მუშაობა მაინტერესებს.
წალენჯიხაში არასდროს ვარ ნამყოფი, მინდა ჩავიდე, ვნახო რა ხდება, რა ბიზნესი და როგორ შეიძლება განვითარდეს, რადგან ის მიმართულება, რომ კოალიციური მმართველობა უნდა იყოს - პროგრესია ქვეყნისთვის. ამას სჭირდება შესწავლა და მაინტერესებს რა შეიძლება მოხდეს ბიზნესის განვითარების თვალსაზრისით - ეს ბიზნეს აზარტია. ოფისის გადატანა-გადმოტანა არ გამოვა, მაინტერესებს როგორ შეიძლება მათთან მუშაობა. გადატანა არ ნიშნავს განვითარებას. ჩემი ბიზნესი სტაბილურად ვითარდება და რატომ დავშალო, შეიძლება ახალი გავაკეთო.
ჩემი მიმართულება მხოლოდ ბიზნესის წარმოება არ არის, მე ძალიან მაინტერესებს ბავშვთა სპორტის განვითარება და იმ დღეს ვუყურებდი, წალენჯიხაში შესაძლებელია ბავშვთა სპორტის განვითარებას შევუწყო ხელი, შეიძლება განათლებაში მივიღო მონაწილება. მე განსხვავებული ინტერესები მაქვს“, - განაცხადა თემურ ჭყონიამ და დასძინა: „წალენჯიხაში წასვლას წლის ბოლომდე ვგეგმავ. მერი რომ შეუდგება საქმიანობას მერე წავალ“, - თქვა ბიზნესმენმა.
როგორ ცნობილია, წალენჯიხა გახდა ერთადერთი ქალაქი, სადაც 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნებში ოპოზიციურმა კანდიდატმა გაიმარჯვა.




























