მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსთავი, გურჯაანი, წალენჯიხა, ზესტაფონი - 4 მუნიციპალური პროექტი, რომელთა კონცეფციებსაც განიხილავენ

წალენჯიხა

ინფრასტრუქტურის სამინისტროში რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტებში განსახორციელებელი პროექტების არქიტექტურული კონცეფციები განიხილეს.

კერძოდ, სამინისტროში რუსთავის ცენტრალური პარკის, გურჯაანის „ღვინის ქალაქის“, წალენჯიხისა და ზესტაფონის მრავალფუნქციური კომპლექსების არქიტექტურული კონცეფციების შესარჩევი საკონკურსო კომისიის სხდომა გაიმართა.

ინფრასტრუქტურის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, კომისიის წევრებმა რუსთავის ცენტრალური პარკის სამი არქიტექტურული კონცეფცია განიხილეს. პროექტების მიხედვით, პარკის განახლებისას შენარჩუნდება მისი უნიკალური ისტორიული და კულტურული იდენტობა, მოეწყობა საბავშვო და სპორტულ ზონები, კალათბურთის მოედანი, სკეიტ-პარკი, ტბის სანაპირო ზოლის ინფრასტრუქტურა და დასასვენებელი სივრცეები. პროექტირებისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა რუსთავის ციხე-სიმაგრის სარეკრეაციო ზონასთან ინტეგრაციას და არქეოლოგიური სივრცის წარმოჩენას.

რუსთავის 1500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტზე "ხმალაძე არქიტექტორები" 5,5 მლნ ლარად იმუშავებს

კომისიამ ასევე იმსჯელა გურჯაანში მრავალფუნქციური სამეცნიერო, კულტურულ-საგანმანათლებლო და ტურისტული კომპლექსის -„ღვინის ქალაქის“ რვა არქიტექტურულ კონცეფციაზე. პროექტების მიზანია, შეიქმნას მრავალფუნქციური ცენტრი, რომელიც ხელს შეუწყობს ქართული მემკვიდრეობის დაცვას და პოპულარიზაციას, ინოვაციური კვლევების მხარდაჭერას და რეგიონში ტურიზმისა და ეკონომიკის განვითარებას.

გურჯაანის „ღვინის ქალაქში“ მოეწყობა საგანმანათლებლო, მუდმივმოქმედი და დროებითი საგამოფენო სივრცეები, საკონსერვაციო ლაბორატორია და ფონდსაცავი, სპეციალიზებული ბიბლიოთეკა და ენოთეკა, დეგუსტაციის დარბაზი და გასტრონომიული სივრცეები,საზოგადოებრივი და რეკრეაციული ზონები, ასევე, HoReCa და სხვა კომერციული ერთეულები.ეზოს ნაწილი იქნება ვაზის ჯიშების საჩვენებელი კოლექცია, რომელიც მჭიდროდ დაუკავშირდება კომპლექსის თემატიკას.

MDF-მა კომპანია „მეტრიკს“ გურჯაანის მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირების მომსახურების ხელშეკრულება შეუწყვიტა

საკონკურსო კომისიაზე წარდგენილი იყო, ასევე, წალენჯიხის 250 მაყურებელზე გათვლილი და მრავალფუნქციური კომპლექსის ექვსი და ზესტაფონის 500 მაყურებელზე გათვლილი მრავალფუნქციური კომპლექსის ოთხი კონცეფცია.

საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სპორტული კომპლექსების შერჩეული პროექტები, გამოყენებული იქნება როგორც განმეორებადი მოდელები სხვა რეგიონებისთვის.

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილი კომპლექსის პროექტის ტენდერი ხელახლა გამოცხადდა

წალენჯიხასა და ზესტაფონის მრავალფუნქციურ კომპლექსებში განთავსდება დიდი და საბავშვო საცურაო აუზები, გასახდელები და საშხაპეები, სპორტის სხვადასხვა სახეობისთვის განკუთვნილი სპეციალიზებული დარბაზები.

პროექტის ფარგლებში წალენჯიხის კომპლექსში განხორციელდება, ასევე, ბუნებრივსაფარიანი სტადიონის რეაბილიტაცია.

გარდა ამისა, ორივე მრავალფუნქციურ შენობაში მოეწყობა STEM-კლუბები, რომლებიც გააერთიანებს მეცნიერების, ტექნოლოგიების, ინჟინერიისა და მათემატიკის მიმართულებით სამუშაო ზონებს.

საკონკურსო კომისია გამარჯვებულ არქიტექტურულ ბიუროებს რამდენიმე დღეში გამოავლენს.

შეხვედრას ესწრებოდნენ ინფრასტრუქტურის მინისტრი რევაზ სოხაძე, კულტურის მინისტრი თინათინ რუხაძე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, პარლამენტის წევრები მაია ბითაძე, ირაკლი ქადაგიშვილი და ვიქტორ სანიკიძე, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორი გიორგი შონია, ქვემო ქართლის, კახეთის, იმერეთის და სამეგრელო ზემო-სვანეთის მხარეებში სახელმწიფო რწმუნებულები, სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები, რუსთავის, გურჯაანის, წალენჯიხის და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების მერები, არქიტექტორები და ხელოვნებათმცოდნეები.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები